მთავრობას საფრანგეთისგან €30 მლნ-ის სესხად აღება სურს ხაშურში წყალარინების მოწყობისთვის

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან საქართველო 30 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტს ითხოვს 20 წლის ვადით, ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალარინების სისტემის გაუმჯობესებისთვის. საამისოდ საქართველოს მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს თანხმობა უკვე მისცა. საპროცენტო განაკვეთი თანხის ჩამორიცხვის ეტაპზე დაზუსტდება. სესხის საშეღავათო პერიოდი 5 წელია.
პრემიერმინისტრი ირაკლი ამბობს, რომ სესხებს საქართველო ხან დასავლეთიდან იღებს, ხან აღმოსავლეთიდან, ეს ჩვეულებრივი პროცესია, დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმასთან კავშირში არ არის და საქართველოს მთავრობას ვალს ვერ დაამადლიან.
ამის შესახებ კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, სადაც მას კითხვა დაუსვეს საქართველოს მთავრობის მიერ 15 აგვისტოს გამოცემულ განკარგულებაზე, რომელშიც ხსენებულ სესხს ეხება.
ხაშურის წყალარინების სისტემის გაუმჯობესების პროექტის დაწყების შესახებ ინფორმაცია 2022 წლის ნოემბრის ბოლოს გაავრცელა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
,,მისი დასრულების შემდეგ 24 000 ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტი ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ და წარმოადგენს ერთ-ერთ იმ დიდ და მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ფარგლებშიც, 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში გვექნება 24 საათიანი წყალმომარაგება“, — განაცხადა მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის მიერ 2024 წლის მარტში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით 330 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე კიდევ უფრო დაწვრილებითაა განმარტებული, რა თანხებით ფინანსდება პროექტი.
„ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 7,15 მილიონი ევროს გრანტისა (გრანტი იგივე მიზნობრივი საჩუქარია. ნეტ.) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს საკრედიტო ხაზის (ჯამური მოცულობა 65 მილიონი ევრო) საფუძველზე წყლისა და კანალიზაციის მომსახურების მიმწოდებელი – საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG) უზრუნველყოფს წყლისა და სანიტარული სისტემების მდგრად და ეფექტურ ფუნქციონირებას.
სამუშაოების შემდეგი ფაზებიც მზადების პროცესშია და ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ ხაშურს ექნება წვდომა სასმელ წყალსა და მაღალი ხარისხის სანიტარული სისტემების სერვისებზე 24/7-ზე“, — წერია ევროკავშირის დელეგაციის საიტზე.
ფინანსთა სამინისტროს მიერ 19 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ხსენებული 30 მილიონი პროექტის განხორციელების მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი სესხია. 58 მილიონი ევროს ოდენობის სესხის შესახებ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელშეკრულებას ხელი ჯერ კიდევ 2020 წელს მოეწერა. აქამდე კი პირველი ეტაპის მიმდინარე სამუშაოებისთვის 21.4 მილიონი ევრო იყო ჩამორიცხული.
კობახიძისთვის დღეს ბრიფინგზე დასმული კითხვა შეეხებოდა იმას, აღიარებდა თუ არა, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს მაინც სჭირდებოდა, მმართველი პარტიის მხრიდან მათზე თავდასხმების ფონზე.
„სესხის აღება არის ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი და ეს პროცესი დაიწყო დაახლოებით ერთი წლის წინ. ახლა ტექნიკურად მივიდა ბოლომდე. სესხს იღებს ქვეყანა ყოველწლიურად სხვადასხვა წყაროებიდან. ჩვენი სესხების მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით არის 40%-მდე. ხან აიღება დასავლეთში, ხან აიღება აღმოსავლეთში, ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი.
რაც შეეხება დასავლურ პარტნიორებზე თავდასხმას, ეს არის აბსოლუტურად არასწორი შეფასება. ხანდახან ჩვენ გვიწევს თავის დაცვა, როდესაც კეთდება უსამართლო განცხადებები. მაგალითად, როდესაც 27 ელჩი მიდის იუსტიციის მინისტრთან დემარშით და ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას იმის გამო, რომ მას კლავენ. რა თქმა უნდა, აქ გვჭირდება თავის დაცვა და არაფერ შუაშია ამასთან სესხის აღება. […] ვალის დამადლება გაუგებარი ამბავია. ეს რომ იყოს გრანტი, გასაგებია“, — ასე უპასუხა კობახიძემ კითხვას.
როგორც პრემიერმინისტრი აღნიშნავს, პროცესი ჯერ არ დასრულებულა და სესხი ქვეყანას დაუმტკიცდა თუ არა, ცნობილი არ არის.
საგარეო ვალი ყველა ქვეყანას აქვს. განვითარებად ქვეყნებს სესხს საერთაშორისო ორგანიზაციები სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად აძლევენ. ვალის სიმძიმე ქვეყნის გადამხდელუნარიანობით, ეკონომიკური განვითარების დონით და ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობით ისაზღვრება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2024 წელს საგარეო ვალის სიმძიმის მიხედვით, საქართველო 184 ქვეყანას შორის 133-ე ადგილზეა. ეს იმას ნიშნავს რომ საქართველოზე მძიმე ვალი აქვს 132 ქვეყანას. კიდევ 54 ქვეყნის მონაცემები საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცხრილში არ არის.
მეზობელ ქვეყნებს შორის, ყველაზე მაღალი საგარეო ვალი სომხეთს აქვს — მშპ-ის მიმართ 53.1%. თურქეთის მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 30.9% , სა — მშპ-ის 20.8%-ია, აზერბაიჯანის — მშპ-ის 18.3%.

ასევე დაგაინტერესებთ