საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ “ევრობასკეტზე” საქართველოდან ქომაგებისთვის ჩარტერული რეისების უზრუნველსაყოფად, “ჯორჯიან ეარვეისს” გაუფორმა ხელშეკრულება. ლატვიის ქალაქ რიგაში დაგეგმილი მატჩისთვის 7-8 სექტემბერს სრულდება ორმხრივი ავიარეისი საქართველოდან, რომლისთვისაც გამარტივებული შესყიდვით გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, “ჯორჯიან ეარვეისი” 150 000 ევროს მიიღებს. გარდა ამისა, ცალკე ავიაკომპანიასთან აფილირებულ კომპანია “ჯორჯიან ეარ სერვისს” ბორტზე მგზავრების კვებით უზრუნველყოფისთვის 6 880 ევროს ხელშეკრულებას უფორმებენ.
აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებულ რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 7 სექტემბერს დილის 07:00 შესრულდა, ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრებს 8 სექტემბერს დააბრუნებს. საუბარია 172 მგზავრზე.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს. ორი გზა კი 390 ევრო გამოდის. საქართველოს ბიუჯეტიდან დაახლოებით 157 000 ევრო დაიხარჯება. თავად ქომაგების მიერ გადახდილი ჯამური თანხა კი დაახლოებით 67 000 ევროა.
ცნობისთვის, ბილეთები tkt.ge-ზე გაიყიდა, რის უზრუნველყოფაც მის მფლობელ კომპანია შპს “თინეთს” აეროპორტების გაერთიანებამ 15 000 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა.
საფრანგეთსა და საქართველოს შორის შეხვედრა, რიგაში დღეს 16:15 საათზე დაიწყება.
bm.ge
