მთავრობამ წელს 4 უძრავი ქონება 35.9 მლნ ლარად გაყიდა – ვინ არიან მყიდველები

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მთავრობამ წელს 4 უძრავი ქონება ჯამში 35.9 მლნ ლარად უკვე გაყიდა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან, ყველაზე ძვირად 34,2 მლნ ლარად, თბილისში მდებარე ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შპს „იონფაშ ჯორჯიამ“ იყიდა.
2024 წელს გაყიდული ქონება და მათი მყიდველები:
· თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36-ში არსებული 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შპს „იონფაშ ჯორჯიამ“ იყიდა, რაშიც 34 220 000 ლარი გადაიხადა. საწყისი ფასი 34 210 000 ლარი იყო. კომპანიის დირექტორი თურქეთის მოქალაქე მერთ იუმუშაქერია, წილის მფლობელიც თურქეთის მოქალაქეები არიან.
· ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩის მიმდებარედ არსებული 15793.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 787 000 ლარად შპს „ქეისიბი ალიანსი“-მ იყიდა. საწყისი ფასი 782 000 ლარი იყო. კომპანიის დირექტორი გიგა ბუაძეა, 100%-იანი წილის მფლობელი კი შპს მს ეჯენსი, რომელსაც უკრაინის მოქალაქე ლევან ბობოხიძე ფლობს.
· რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 2517.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 (ნანგრევი) კომპანიამ „სტარ ბილდინგ 2024“ 709 000 ლარად შეიძინა. საწყისი ფასი 505 000 ლარი იყო. კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ნოზაძეა, 50-50%-იანი წილის მფლობელები კი ალექსანდრე ნოზაძე და თამარ ბერძენიშვილი არიან.
· ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩის N27, N29-ის მიმდებარედ, ასევე, N29-ში მდებარე 1788.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა – 174 500 ლარად გაიყიდა. მყიდველია კომპანია შპს „მშენებელი 2023 ზკ“. საწყისი ფასი 172 500 ლარი იყო. კომპანიის დირექტორი კახა ხიჯაკაძეა, 50-50%-იანი წილის მფლობელები კი კახა ხიჯაკაძე და ზაზა ბერაძე არიან.