საქართველოს მთავრობამ არჩევნებამდე სამი დღით ადრე დაამტკიცა სტრატეგიული ობიექტების შესახებ დადგენილება. ამ ობიექტების ჩამონათვალშია ცესკოს, სასამართლოების, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულების შენობები, მათ შორის საპატრიარქოც კი, თუმცა არა პარლამენტი.
საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მასში წერია, რომ სტრატეგიული ობიექტების ნუსხა განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორი მუხლის მიზნებისთვის:
· სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლში წერია, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ორ წლამდე პატიმრობით. იგივე ქმედება ჯგუფურად კი – ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით;
· სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით ისჯება 10-დან 15 წლამდე პატიმრობით.
აქციის მონაწილეთა სისხლის სამართლის წესით დასჯაზე პირველად შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა მიმდინარე წლის მაისში, როცა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი ადამიანები ცდილობდნენ, არ შეეშვათ მმართველი პარტიის დეპუტატები პარლამენტის შენობაში. იმ დროს მთავრობას სტრატეგიული ობიექტების ნუსხა არ ჰქონდა.