“მთავრობამ სამიზნე ქვეყნებში მეტი PR კამპანია უნდა აწარმოოს, რომ მეტი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდეს”- კახა შენგელია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა. გაიზარდა ასევე უცხოელების წილი სტუდენტთა საერთო რაოდენობაში. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ 37.1 ათასი შეადგინა, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ეს სტუდენტების საერთო რაოდენობის 19.7%-ია.
კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა შენგელია ამბობს, რომ სტუდენტების გეოგრაფია ფართოა, თუმცა საქართველოში სწავლით უფრო მეტად აზიის ქვეყნებიდან არის ინტერესი.
“ტრენდი მზარდია, ძირითადად არის აზია და აფრიკა. ევროპელებიც გვყავს და ეს ფაქტი ძალიან მიხარია. ამას ემატება აზიის სხვა ქვეყნები, მალაიზია და მიანმარი. ახლა ბუნიადან დავბრუნდი და ბუნიელებსაც, რომლებსაც ძალიან დიდი ფული აქვთ ინტერესი აქვთ საქართველოში ისწავლონ, ისევე როგორც მალაიზიელებს. ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან საქართველოს პოპულარიზაცია ძალიან გაზრდილია ბოლო 5 წლის განმავლობაში – სადაც არ უნდა ჩახვიდე, ყველგან იციან, რომ საქართველო საინტერესო ადგილმდებარეობაა სასწავლებლად.
ასევე, არ არის მოთხოვნა მხოლოდ სამედიცინო განათლებაზე, აქ არის საუბარი ბიზნესის ფაკულტეტზე, IT-ზე, კიბერუსაფრთხოებაზე, ფსიქოლოგიაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე,”- ამბობს კახა შენგელია.
შენგელიას შეფასებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების მზარდი რაოდენობა შევინარჩუნოთ, მთავრობამ ამ კუთხით ქვეყნის პოპულარიზაციაზე უნდა იზრუნოს.
“ვიზების პრობლემა რაც იყო აღმოფხვრილია, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტად ღია უნდა იყოს ქვეყანა უცხოელებისთვის, მეტი პიარ კამპანია უნდა აწარმოოს საქართველოს მთავრობამ სამიზნე ქვეყნებში, რომ მეტი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდეს და ისწავლოს საქართველოში,”- ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი.