მთავრობამ კუმისის ტბაში სამკურნალო ტალახის მოპოვების ლიცენზია სახელმწიფო საწარმოზე გასცა

მთავრობამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კუმისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, კუმისის ტბაში, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის, სამკურნალო ტალახის მოპოვების ლიცენზია გასცა.
განკარგულების მიხედვით, რომელიც 30 მაისს გამოიცა, ლიცენზია შპს „წყალტუბოს თერმულ წყლებზე“ 2037 წლის 26 მაისამდე გაიცა.
სალიცენზიო პირობების მიხედვით, კომპანიას აქვს უფლება წელიწადში 300 ტონა სამკურნალო ტალახი მოიპოვოს.
„ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 3 წლის ვადაში შეისწავლოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსი, გამოთვალოს სამკურნალო ტალახის მარაგები და უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშის წარდგენა“, – ნათქვამია განკარგულებაში.
ცნობისთვის, შპს „წყალტუბოს თერმული წყლების“ წილს სრულად ფლობს სახელმწიფო საწარმო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“.