მთავრობამ „ანაგი“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა, რისთვისაც სამშენებლო კომპანიამ ბიუჯეტში 260 870 ლარი უნდა გადაიხადოს. 12 აგვისტოთი დათარიღებული 1320-ე მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, რომ კომპანია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 3 თვით გათავისუფლდება და „ანაგი“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში ეწერის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 200 000 მ³ ქვიშა-ხრეშის მოპოვებას შეძლებს.
მოპოვებული ქვიშა-ხრეში კი სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკისა ან/და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების სახსრებით დაფინანსებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტის შეზღუდულ ვადებში შესასრულებლად უნდა გამოიყენოს. თუმცა დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის რომელი პროექტის შესრულებისთვის მიეცა კომპანიას კონკრეტულ ლოკაციაზე წიაღისეულის მოპოვების უფლება.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ “ანაგმა” სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორ კვირაში მინერალური რესურსების სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მოპოვებული რესურსის მოცულობების შესახებ ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.
