მთავარი პრობლემა მუშახელია, ფაქტობრივად, დეველოპერული კომპანიები ერთმანეთს ართმევენ დასაქმებულებს – „ინნ ჯგუფი“ (bm.ge)

„ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელი პაატა კოკაია ამბობს, რომ მშენებლობას ძირითადად მუშახელისთვის გაზრდილი ხელფასი აძვირებს. როგორც მან BMG-ის უთხრა, სამშენებლო კომპანიებს უჭირთ მშენებლობაზე დასასაქმებლად შესაფერი კადრების მოძიება.
“მთავარი პრობლემა მუშახელია. რეალურად მათი ხელფასი, ალბათ, ყოველ კვარტალში მაინც იმატებს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ფიზიკურად არ არიან ასეთი ადამიანები. ფაქტობრივად, დეველოპერული კომპანიები ერთმანეთს ართმევენ მუშახელს. ვგულისხმობ კრამიტ-კარის ხელოსნებს, მლესავებს, ელექტრიკოსებს, სანტექნიკოსებს და ა.შ. ყველაფერი გაძვირებულია. გაძვირების გარდა, თან თითქმის არავის სცალია. მაგალითად, ქუთაისში, სასტუმროში აუზი ავაშენეთ და ყველა მუშა თბილისიდან წავიყვანეთ. თბილისთან შედარებით რეგიონში დაახლოებით 15%-ით მაინც უფრო მაღალია მათი ხელფასი.
რთულია ისიც, რომ გაძვირებულია მიწის ღირებულება. თბილისში მიწები ფაქტობრივად აღარ დარჩა. ამიტომ ვცდილობთ რეგიონში გავიდეთ და ქუთაისში ვიწყებთ მშენებლობას. უკვე შევიძინეთ მიწა და ახლა ველოდებით ნებართვას ადგილობრივი ხელისუფლებისგან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დავიწყებთ ბინათმშენებლობას. ქუთაისში სამი რვასართულიანი კომპლექსის აშენებას ვაპირებთ”, – ამბობს კოკაია.
ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, ივლისში მშენებლობა წლიურად 5.6%-ით გაძვირდა. უშუალოდ საცხოვრებელ სეგმენტში ფასი 2024 წლის ივლისთან შედარებით თითქმის 8%-ით გაზრდილია. საქსტატის შეფასებით, ინდექსის წლიური ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასის 22.5%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 1.5%-იანი გაძვირებით. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 25%-ით არის გაზრდილი.
bm.ge