მთავარი პრობლემა მზია ამაღლობელისთვის წაყენებული ბრალია – იურისტი ომბუდსმენს აკრიტიკებს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელი, იურისტი გურამ იმნაძე ამბობს, რომ ომბუდსმენი ცდება, როდესაც „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაში ხედავს პრობლემას და არა – მისთვის ბრალის წაყენებაში.
ლევან იოსელიანმა 17 იანვარს განაცხადა: „ნამდვილად არ ვამართლებ პოლიციელზე არც დარტყმას, არც გარტყმას, არაფერს, მაგრამ მთლიანად ეს კონტექსტი, – რა პირობებშიც მოხდა, როგორ იყო ეს ადამიანი აღელვებული, რაც იყო, როგორც იყო, არ არის აუცილებლობა, ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების [პატიმრობის] გამოყენება“.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ს პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე „თავდასხმას“ ედავებიან. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გურამ იმნაძის მოსაზრებით, სახალხო დამცველი შეცდომას უშვებს, როცა პრობლემას მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში ხედავს და არა ზოგადად, მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლის ბრალდებაში.
„ცხადია, ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მხოლოდ სადამსჯელო ხასიათი აქვს, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არაა. უფრო სწორად, ეს მხოლოდ მეორეხარისხოვანი პრობლემაა. მთავარი სამართლებრივი ნონსენსი აქ თვითონ ბრალდებაა, რადგან სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს“, – წერს გურამ იმნაძე ფეისბუკზე.
„სისხლის სამართლის კოდექსშივე გვაქვს სპეციალური მუხლი, რომელიც ამბობს, რომ თუნდაც ფორმალურად არსებობდეს დანაშაულის ნიშნები, თუკი ქმედება უმნიშვნელოა, არ შეიძლება მისი ჩადენის გამო ადამიანი სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს“, – აცხადებს იმნაძე.
„ამ შემთხვევაში სილის გაწვნას არათუ მცირე მნიშვნელობა ჰქონდა, ის მხოლოდ სიმბოლური რეაქცია იყო პოლიციელის იმ ქმედებაზე, რასაც მანამდე ჰქონდა ადგილი მზიას თუ სხვა მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან. შესაბამისად, შეუძლებელია ეს ქმედება სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულად განვიხილოთ, რომელიც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – მიიჩნევს იურისტი.
„მესმის, რომ ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი სახიფათოდ ბუნდოვანი ტერმინოლოგიით არის დაწერილი და ფართო ინტერპრეტაციების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უამრავი არგუმენტი არსებობს, რატომაც ეს ბრალდება უსაფუძვლოა. ერთ-ერთ ასეთ არგუმენტს თავად სისხლის სამართლის კოდექსივე გვაძლევს: კოდექსის 325-ე მუხლი დასჯადად აცხადებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას, ნორმის დისპოზიციაში კი თავდასხმად მიჩნეულია პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა. ტერმინოლოგიურად ხომ შეუძლებელია, ერთ შემთხვევაში კოდექსი თავდასხმად სხვა რამეს გულისხმობდეს, მეორეში კი – სხვას“, – წერს გურამ იმნაძე.
მისი მოსაზრებით, სახალხო დამცველი სწორედ ამ საკითხებზე უნდა საუბრობდეს და ამ პრობლემაზე მიმართავდეს სასამართლოს.
„ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა მეტ გამბედაობას და პრინციპულობას მოითხოვს, მით უმეტეს სახალხო დამცველისგან, რომელსაც საჭირო მანდატიც აქვს და საკმარისად კვალიფიციური სტაფიც, რომ ასეთ საკითხებზე არგუმენტაცია მომზადდეს. ამ საქმეზე რომ პატიმრობის გამოყენება უსაფუძვლოა, ამას მეორე კურსის სტუდენტიც დაასაბუთებს“, – წერს იურისტი.
ომბუდსმენ ლევან იოსელიანს ბოლო პერიოდში პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები აკრიტიკებენ პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის შესახებ ფრთხილი და ნაკლებად მკაფიო განცხადებების გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც – „მომეტებულია ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების“ საფრთხე და მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, 35 წლის მოსამართლემ, რომელსაც, საიას ადვოკატის, პაატა დიასამიძის თქმით, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს და „ეს ცალსახად ნიშნავს, რომ შუამდგომლობა განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ“.
ადვოკატების სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 15 იანვარს შევიდა. 18 იანვარს გაირკვევა, მიიღებს თუ არა სააპელაციო სასამართლო სარჩელს.
უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი – იურისტების შეფასებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის ბრალდება და წინასწარი პატიმრობა სამართლებრივ ლოგიკას არ ექვემდებარება; ხოლო ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც Deep State-ზე ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე გადაწყვიტეს

გერმანიის საელჩო – იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში