ქართული ოცნების ახალი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია პრემიერმინისტრის კანდიდატურა წარადგინოს. კერძოდ, განახლებული დოკუმენტით, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს პრემიერმინისტრობის კანდიდატურას დასამტკიცებლად საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს.
გარდა ამისა, პარტიის წესდებაში შესული ცვლილებების მიხედვით, საპატიო თავმჯდომარე არის პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, რომელსაც პოლიტსაბჭოს სხდომების მოწვევაც შეუძლია.
“პოლიტიკური საბჭოს სხდომას იწვევს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ან პარტიის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პოლიტიკური საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით”, – წერია ქართული ოცნების ახალ წესდებაში.
ამასთან, დოკუმენტში შესული ცვლილებებით, ბიძინა ივანიშვილი შედის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში – “პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შედიან საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და ყრილობის მიერ არჩეული 15 წევრი”. ასევე, მას შეეძლება ქართული ოცნების რიგგარეშე ყრილობის მოწვევაც.
როგორც წესდებაში წერია, “პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება, აირჩიოს პირი, რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე”.
ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ 30 დეკემბერს, ქართული ოცნების ყრილობაზე აირჩიეს. მაშინ ოლიგარქი პოლიტიკაში მესამედ “დაბრუნდა”.