კარლო ანჩელოტის “ნაპოლიმ” იტალიის თასი რომ მოიპოვა, გუნდმა ასე იშვიათი ტიტულით გაიხარა. სკუდეტოს შემდეგ აქ სხვა განწყობა და ვითარებაა, მაგრამ უკვე ზედიზედ ოთხი წელია, ნეაპოლელები “კოპა იტალიას” მერვედფინალს თითქოს შეგნებულად თმობენ – შემადგენლობა და განწყობა ამაზე მიუთითებს. ლუჩანო სპალეტის დროს საქმე ორ ფრონტზე ბრძოლას ეხებოდა, დიდი დოზით როტაცია გასულ სეზონში უფრო გასაკვირი იყო, ახლა კი ანტონიო კონტესაც განსაკუთრებული მიზნები აქვს.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს სერია “ა”-ს მე-15 ტურს ლიდერის რანგში კი შეხვდა, თუმცა რადგან “ატალანტამ” “მილანი” დაამარცხა, კონტეს ფეხბურთელებს პირველობის დაბრუნება
სჭირდებათ. “ნაპოლი” “ლაციოს” “დიეგო მარადონაზე” (54 726) დაუპირისპირდება – კვირას, 8 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე.
რთულია იმის თქმა, მწვრთნელებმა იმ შეხვედრიდან რა უნდა ისწავლონ, სადაც გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდნენ. განვლილ დაპირისპირებაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება რომაელთა ნახევარმცველ ნიკოლო როველას ჰქონდა, რომელიც ახლა დისკვალიფიკაციის (5 გაფრთხილება სეზონში) გამო ვერ ითამაშებს. “ლაციოს” პორტუგალიელი ნუნუ ტავარეში, რომელსაც კარგი სეზონი აქვს, ტრავმირებული ჰყავს, ისევე როგორც დია და ვესინო; ნეაპოლელთა ტრავმირებულთა სიაში მხოლოდ მაცოკია.
ნიდერლანდელ ტიჯანი ნოლსინს, ვინც თასზე ჰეთ-თრიკი შეასრულა, ჩემპიონატში სულ ორი შედეგიანი დარტყმა აქვს. რომაელი მატია ძაკანი განსაკუთრებით მობილიზებული იქნება, რადგანაც ხუთშაბათის საღამოს პენალტის ნიშნულიდან ვერ გაიტანა.
მთავარი ინტერესი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა, რომელსაც დასვენების საშუალება მთლიანად მიეცა. თასის წინა გათამაშებებში ის ბოლოს, თამაშის გადასარჩენად მაინც შემოჰყავდათ. როცა ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, “კვარას” უბრალოდ ხასიათი უფუჭდებოდა. გუნდის წარუმატებლობით ქართველი გაბრაზებული იქნება, მის მიმართ კი ისევ განსაკუთრებულ მეურვეობას ველით. შეგახსენებთ, სეზონში ხვიჩას ანგარიშზე 5 გოლი, 3 შედეგიანი პასია (ერთი გაფრთხილება აქვს).
ამ შეხვედრის პარალელურად, ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენი” ერთ-ერთ ლიდერ “მარსელს” უმასპინძლებს. იმედია, გუნდი წინა ტურში განცდილი შოკიდან გამოსვლას მოახერხებს, ეს კი მათ ჩვენებურის შედეგიანობის გარეშე გაუჭირდებათ. რაც შეეხება იტალიას, კვირას საბა გოგლიჩიძის “ემპოლი” უფრო ადრე (18:00 სთ) ითამაშებს და “ვერონას” ესტუმრება; ამის პარალელურად, სერია ბ”-ში ლუკა ლოჩოშვილის “კრემონეზე” “რეჯიანას” დაუხვდება.
ზაფხულიდან მოყოლებული ყოველ თვის ბოლოს ამბობენ რომ ეხლა გაწყდება კონტრაქტის საკითხიო და არა და არ დაადგა საშველი. ამ შემთხვევაში ჯუღელია გასაკიცხი და არა ნაპოლის პრეზიდენტი. აბა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ნაპოლი–კვარაცხელია 10-0.ასეთი ანგარიშით იგებს ნაპოლი. თუ ვერაფერს ვერ შვება აგენტი გამოდი და თქვი. ხვიჩა ითამაშებს 2027 წლამდე და მერე როგორც თავისუფალი აგენტი გადავა სხვა გუნდში. ერთი წლის მერე შეიძლება მართლაც დაუნიშნოს აურელიომ 8მლნ და კონტრაქტშიც ჩაუწეროს 80მლნ,მაგრამ რაღა აზრი აქვს? ამდენ გაცდენილ დროს ვინ დაუკომპენსირებს? სწორედ ამას ემსახურება ეს გაწელვა. ამდენს ვერ უნდა მიხვდეს აგენტი?
