„მთავარი არხის“ მაუწყებლობა სრულად შეწყდა

„აქ იყო “მთავარი არხი”. მადლობა, რომ გვიყურებდით! მთავარი ხართ თქვენ“, – ჩანს ტელეეკრანებზე „მთავარ არხზე“ გადართვისას.
ტელეკომპანიის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულია განცხადებაც, რომელშიც არხის მიერ განვლილ გზაზეა საუბარი:
„ჩვენც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ჩვენი არხის არსებობა დაარსების დღიდანვე არ იყო მარტივი. ამ გზაზე გადავიტანეთ უამრავი გამოწვევა, რასაც ბევრი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა… ჩვენ დაგვანგრია სწორედ იმან, ვინც, თავის დროზე, ამ აუღებელი კედლების აშენებაში გვეხმარებოდა. ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი პირადი მიზნებისა თუ შურისძიების გამო დახურვამდე მიიყვანა „მთავარი არხი“ და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსულ რეჟიმს“.
ამ ეტაპზე მუშაობას აგრძელებს მხოლოდ ვებგვერდი და სოციალური ქსელის პლატფორმები.
რამდენიმე დღის წინ, 28 აპრილს, თანამშრომლებმა გენერალური დირექტორისგან, გიორგი გაბუნიასგან მიიღეს შეტყობინება, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ 1 მაისიდან არხი მაუწყებლობას სრულად შეწყვეტდა.
ბოლო რამდენიმე თვეა არხზე შექმნილ კრიზისზე საუბარს არ ერიდებოდა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია. ის ამაში თანადირექტორს, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელ გოგი (გიორგი) ქურდაძეს, ადანაშაულებდა და აღნიშნავდა, რომ არხზე ფინანსური კრიზი ხელოვნურად შეიქმნა.
„მთავარი არხი“ მწირი საეთერო ბადით 15 თებერვლის შემდეგ მაუწყებლობდა – ტელეეთერში გადიოდა მხოლოდ სერიალები; გადაცემები კი, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გაჩერდა. მოგვიანებით შეწყდა მაუწყებლობა იმ მაყურებლისთვის, ვინც ე.წ. სახლის ანტენას იყენებდა.
27 იანვარს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ არხის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი „გეგმაზომიერად მიყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას“ და ეტაპობრივად ხურავდა არხს.
დაახლოებით ერთი თვით ადრე, 2024 წლის 25 დეკემბერს, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელმა მოქმედი გენერალური დირექტორის გადაყენებაც მოითხოვა. გიორგი ქურდაძემ წერილს დაურთო გიორგი გაბუნიას მიმოწერა არხის დამფუძნებლებთან, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ „იძულებული ვარ, მივიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“. მოთხოვნა რეესტრმა არ დააკმაყოფილა, რადგან კანონით გათვალისწინებული წესის მიხედვით არ იყო წარდგენილი.
· ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობდა. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა მ დააფუძნა.
· 2020 წლის მაისში „მთავარი არხის“ მფლობელებმა ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ წილის 40% მისცეს ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.
· 2024 წლის თებერვალში გვარამიამ 12%-იანი წილი თავის ცოლს გადასცა და არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. გენერალური დირექტორი გახდა გიორგი გაბუნია.
· 2024 წლის მარტში ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე სთან ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“.
ფორუმი