„მთავარი არხის“ თანამშრომლების განცხადებით, 1 მაისიდან არხი მაუწყებლობას სრულად შეწყვეტს.
თანამშრომლებს მაუწყებლობის სრულად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება „მთავარი არხის“ დირექტორის, გიორგი გაბუნიას სახელით არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა შეატყობინა.
თანამშრომლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე „მთავარი არხის“ ციფრული დეპარტამენტი მუშაობას აგრძელებს.
„დასრულდა კიდევ ერთი ეტაპი, “მთავარი არხის” იმერეთის კორესპონდენტობა. ეს თითქმის 6 წელი იყო რთული, საპასუხისმგებლო, ემოციური, პრობლემებით სავსე, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო. დღეს უკვე ოფიციალურად გვითხრეს, რომ ახალი ტვ ვერ იხსენება, მთავარი არხის” საეთერო მაუწყებლობა კი 1-ლი მაისიდან სრულად შეწყდება. მიხარია, რომ ვიყავი ამ გუნდის წევრი და გული მწყდება, რომ ასე დასრულდა“, – დაწერა Facebook-ზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ.
ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია თავად „მთავარ არხს“. ნეტგაზეთი არხის მენეჯმენტთან დაკავშირებასაც.
15 თებერვლიდან „მთავარმა არხმა“ ყველა გადაცემა შეაჩერა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა, ვინაიდან ტელევიზიას ყოველდღიური ოპერირების სახსრები აღარ ჰქონდა. „მთავარმა არხის“ განცხადებით, არხის თანადამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა არხს ფინანსური კრიზისი ხელოვნურად შეუქმნა.
მას შემდეგ, რაც დღეს, 28 აპრილს, „მთავარი არხის“ თანამშრომლებმა გაავრცელეს განცხადებები მაუწყებლობის სრულად შეწყვეტის შესახებ, ნიკა გვარამიამ ახალი არხის გახსნა არ გამორიცხა.
„დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი. სხვანაირად არ და ვერ იქნება, მჯერა და ვიცი. მთავარია ქვეყანა არ დაიხუროს, თორემ მერე გინდა დახურე, გინდა გახსენი, აზრი არ ექნება არაფერს“, – დაწერა გვარამიამ Facebook-ზე.
