“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებისთვის ემზადება – ოპოზიციური პარტია 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20-წლისთავის აღსანიშნავად მასშტაბური შეკრების მოწყობას გეგმავს, სადაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილი მანიფესტი გამოქვეყნდება.
შეუერთდება თუ არა მას პარტიის ძველი მენეჯმენტი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ენმ-ში აღნიშნავენ, აქცენტი ერთობის იდეაზე იქნება გაკეთებული და ვინც მანიფესტს არ შეუერთდება, პარტიიდან გაირიცხება.
“დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში უკვე ერთიან გუნდად შეიძლება ამ ხალხის, ჩვენი, ყველას მოაზრება… არ ვიცი, [ნიკა მელია] შემოუერთდება თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. მაგრამ იმაზე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ვინც არ უერთდება ამ მანიფესტს, ის ავტომატურად აღარ არის ჩვენი გუნდის წევრი და აღარ ირიცხება “ნაციონალურ მოძრაობაში”, – ამბობს პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი.
ამასთან, “მთავარი არხის” ინფორმაციით, მომდევნო არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატობა პარტიის რამდენიმე ლიდერმა შესთავაზა, რაზეც მან უარი თქვა. ჩვენი ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით მესამე პრეზიდენტს წერილები გიორგი ბოტკოველმა, დავით კირკიტაძემ, ლევან ბეჟაშვილმა და ლევან ხაბეიშვილმა მიწერეს.