”მთავარია იყო მათთან, ვინც გიყვარს და არასოდეს დაშორდე. ეს არის ერთადერთი რამ მსოფლიოში, რისი დაფასებაც ნამდვილად ღირს” – იშვიათად გლოვობდა ვინმე ყოფილ ქმარს ისე, როგორც ამას ჯეინ ბირკინი აკეთებდა – Marao
„საფრანგეთში ახლახან ვითამაშე ფილმში „სლოგანი“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ის ადამიანი, რომელიც მიყვარს. მისი სახელია სერჟ გეინსბურგი. ის ცოტა უცნაურია, მაგრამ მე მაინც მიყვარს. ის არ ჰგავს ჩემს არცერთ წინა ნაცნობს – საკმაოდ დეგრადირებული, მაგრამ ამავე დროს სუფთაა“, – ასე აღწერა ჯეინ ბირკინმა სერჟ გეინსბურგი.
ჯეინი მაშინ 22 წლის იყო, სერჟი უკვე 40-ის. მისი პირველი ცოლი იყო ელიზავეტა ლევიცკაია, უძველესი არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელი რუსი ემიგრანტი. მეორე და ბოლო ოფიციალური ცოლი კი ფრანსუა-ანტუანეტა პანკრაცი. ამის შემდეგ იყო მოკლე რომანი ბრიჯიტ ბარდოსთან, შემდეგ კი მის ცხოვრებაში ჯეინ ბირკინი გამოჩნდა.
„ეს საოცრად გამხდარი გოგონა სქელი თმით და ნუშისებური ცისფერი თვალებით ახალი ეპოქის სახეა“, – ამბობდა ჯეინზე გეინსბურგი.
„მახსოვს ერთხელ პარიზში, ჩვენი საერთო სიმღერის ოფიციალურ გამოშვებამდე, რესტორანში ვიყავით და სერჟმა ოფიციანტს სთხოვა სიმღერის დემო ჩანაწერის დაკვრა. ვისადილეთ და სიმღერა დაიწყო. მახსოვს, როგორ ვაკვირდებოდით მაყურებლის სახეებს, როცა ჩამწერიდან ხმა გაისმა. სრულიად უდანაშაულო მზერით ვუყურებდით“- წერდა თავის მოგონებებში ჯეინის ძმა ენდრიუ ბირკინი.
ჯეინისა და სერჟის ზედმეტად „თავისუფალი“ მუსიკას ვატიკანი და რომის პაპი პირველები დაუპირისპირდნენ. სიმღერა უკიდურესად ამორალურად გამოაცხადეს და იტალიის მთავრობას ჩანაწერის აკრძალვა მოსთხოვეს. იგი ამოიღეს გაყიდვებიდან ესპანეთში, ინგლისში, შვედეთსა და ბრაზილიაში.
წყვილს ერთადერთი ქალიშვილი, შარლოტა ჰყავდა. პარიზში დიდი სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ ბედნიერებას სერჟის ალკოჰოლზე დამოკიდებულება უშლიდა ხელს – ისინი დაშორდნენ.
მათი მეგობრობა არ დასრულებულა, სერჟი ჯეინის მეორე ქალიშვილის ნათლია გახდა. სერჟ გეინსბურგი 1991 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
იშვიათად გლოვობდა ვინმე ყოფილ ქმარს ისე, როგორც ამას ბირკინი აკეთებდა. დაკრძალვაზე ჯეინმა სერჟ გეინსბურგის კუბოში მოათავსა თავისი თილისმა – მხიარული პლუშის მაიმუნი, რომელსაც ბავშვობიდან ინახავდა. 1973 წელს, როდესაც ჰკითხეს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო, მან უპასუხა: ”მთავარია იყო მათთან, ვინც გიყვარს და არასოდეს დაშორდე. ეს არის ერთადერთი რამ მსოფლიოში, რისი დაფასებაც ნამდვილად ღირს.”