მზის სამეზობლოში გამოავლინეს სიცოცხლისთვის ხელსაყრელობის კანდიდატი ასეულობით პლანეტური სისტემა

მზის სამეზობლოში გამოავლინეს სიცოცხლისთვის ხელსაყრელობის კანდიდატი ასეულობით პლანეტური სისტემა
ეგზოპლანეტის სიცოცხლისთვის ხელსაყრელობის ერთ-ერთი კრიტიკული ასპექტი არის იმ ვარსკვლავის გრძელვადიანი სტაბილურობა, რომელსაც გარშემო უვლის. ზოგიერთი ვარსკვლავი უკიდურესად მასიურია და წყალბადის საწვავს სულ რაღაც რამდენიმე მილიონ წელიწადში ხარჯავს.
ამის ნათელი მაგალითია ორიონის თანავარსკვლავედში მდებარე ცისფერი სუპერგიგანტი ვარსკვლავი რიგელი. ის მხოლოდ 10 მილიონ წელიწადს იკაშკაშებს. ეს დრო საკმარისი არ არის მის გარშემო პლანეტების წარმოსაქმნელად.
ზოგიერთი ვარსკვლავი, მაგალითად, წითელი ჯუჯები, იმაზე დიდხანს იცოცხლებენ, ვიდრე სამყაროს ამჟამინდელი ასაკია, მაგრამ ახასიათებთ ძლიერი ამოფრქვევები, რაც შეიძლება ხელს უშლიდეს მათი პლანეტების სიცოცხლისთვის ვარგისიანობას.
ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავები შეიძლება „ტკბილი ადგილი“ იყოს — იქამდე, ვიდრე წითელი გიგანტი გახდებიან, ისინი დაახლოებით 10 მილიარდ წელიწადს ანათებენ. ასეთი გრძელვადიანი სტაბილურობა კომპლექსური სიცოცხლის წარმოქმნის საშუალებას იძლევა.
მზე G-ტიპის ვარსკვლავია, რომელსაც ყვითელ ჯუჯასაც უწოდებენ. ამ ტიპის ვარსკვლავები საკმაოდ უხვადაა, ისევე როგორც მათი ოდნავ დაბალმასიანი „ბიძაშვილები“ — K-ტიპის ვარსკვლავები, რომლებსაც ნარინჯისფერ ჯუჯებს უწოდებენ. ისინი მზეზე უფრო გრილებია, მაგრამ წითელ ჯუჯებზე უფრო თბილები და G-ტიპის ვარსკვლავთა მსგავსად, სტაბილურები არიან და დიდხანს ცოცხლობენ.
მიუხედავად იმისა, რომ მზის მსგავსი ვარსკვლავები მთავარი მიმდევრობის სტადიაში დაახლოებით 10 მილიარდ წელიწადს ცოცხლობენ, K-ტიპის ნარინჯისფერი ჯუჯები მრავალ ათეულ მილიარდ წელიწადს ცოცხლობენ – დაახლოებით 20-70 მილიარდ წელს.
ამდენ ხანს სტაბილურობის გამო, ასტრონომები მათ აქტიურად სწავლობენ სიცოცხლისათვის ხელსაყრელობაზე. მზის სამეზობლოში K-ტიპის ვარსკვლავის რაოდენობა დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე G-ტიპის ვარსკვლავების.
ასტრონომთა ჯგუფმა მზის სამეზობლოში 2000-ზე მეტი K-ტიპის ვარსკვლავი აღწერა. აიღეს ასეულობით მათგანის დეტალური სპექტრი, რის საფუძველზეც გაირკვა მათი ასაკი, ბრუნვა, ტემპერატურა და მდებარეობა ირმის ნახტომში. ამ ფაქტორებს წვლილი შეაქვს მათ გარშემო მოძრავ ეგზოპლანეტათა სიცოცხლისთვის ხელსაყრელობაში.
კვლევის შედეგები ჯგუფმა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 247-ე შეხვედრაზე წარადგინა.
„ეს აღწერა წარმოადგენს მზის დაბალმასიანი ბიძაშვილების პირველ ყოვლისმომცველ მიმოხილვას. ეს ვარსკვლავები, K-ჯუჯები, კოსმოსში უხვადაა და თავიანთ პლანეტებისთვის უზრუნველყოფენ გრძელვადიან სტაბილურ გარემოს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჯორჯიის უნივერსიტეტის მკვლევარი სებასტიან კარასკო-გასიოლა.
სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტების ძებნა უზარმაზარი წამოწყებაა. ირმის ნახტომში სულ მცირე 100 მილიარდი და მაქსიმუმ 400 მილიარდი ვარსკვლავია, მაგრამ ზუსტი რიცხვი ასტრონომებმა ჯერ არ იციან.
ნებისმიერი რამ, რაც ამ რიცხვის დადგენაში გამოსადეგია, ასტრონომთათვის ძლიერ ღირებულია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეული ვარსკვლავებისა და ეგზოპლანეტების დეტალური დაკვირვებები, რაც აუცილებელია სიცოცხლისუნარიანობის შესაფასებლად, უამრავ რესურსს მოითხოვს.
ამ სახის კვლევები ასტრონომებს საქმეს უადვილებს და დაკვირვებით რესურსებს უფრო ეფექტიანს ხდის.
„წარმოგიდგენთ 33 პარსეკის რადიუსში მდებარე 580 K-ჯუჯის სპექტროსკოპულ დახასიათებას; დაკვირვებები SMARTS-ის 1,5-მეტრიანი ტელესკოპის სპექტროგრაფ CHIRON-ით ჩავატარეთ“, — წერენ მკვლევრები.
NASA-ს ეგზოპლანეტების არქივის თანახმად, მათ მხოლოდ 7,5 პროცენტს, ანუ 44 ვარსკვლავს ჰყავს ეგზოპლანეტები დადასტურებულად.
„ჩვენმა კვლევამ გამოავლინა 529 მოწიფული, არააქტიური K-ჯუჯა, როგორც კლდოვან პლანეტათა ძებნის სამიზნე, რის შედეგადაც, ხელთ გვაქვს მზის სამეზობლოში სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ეგზოპლანეტათა კვლევების უმნიშვნელოვანესი რესურსი“, — განმარტავენ მკვლევრები.
კვლევაში წვლილი შეიტანა არიზონაში მდებარე ტილანგასტის 1,5-მეტრიანმა ტელესკოპმაც. ორივე ტელესკოპს მაღალი რეზოლუციის ეშელის სპექტროგრაფი აქვს. ვინაიდან ისინი სხვადასხვა ნახევარსფეროში მდებარეობს, ასტრონომებმა ცა სრულად დაფარეს.
„ჩილეში მდებარე SMARTS ტელესკოპის სპექტროგრაფი CHIRON-ი და არიზონაში მდებარე ტილინგასტის ტელესკოპის სპექტრისკოპი TRES-ი ასეთი დამატებითი ინსტრუმენტებია. ამ ორი ტელესკოპის სხვადასხვა ნახევარსფეროში მდებარეობა არის უპირატესობა, რომელიც მთლიან ცაში გვაძლევს წვდომას K-ჯუჯებზე“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტრონომუ ელისონ ბიერილა.
ირმის ნახტომის ზოგი რეგიონი სხვებზე მეტად არის სიცოცხლისთვის ხელსაყრელი; ამ კვლევამ თითოეული ვარსკვლავის ადგილმდებარეობას განსაზღვრა. ლითონშემცველობა უფრო მეტად ხელსაყრელია თხელ დისკოში, სადაც გალაქტიკის ვარსკვლავთა უმეტესობა მდებარეობს, მათ შორის, K-ჯუჯებიც.
K-ტიპის ვარსკვლავები დაახლოებით 108 სინათლის წლის რადიუსში (33 პარსეკი) მდებარე ვარსკვლავთა დაახლოებით 11 პროცენტს შეადგენს. ისინი მზის მსგავს ვარსკვლავებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ და ასევე, არ ახასიათებთ წითელი ჯუჯების მსგავსი ძლიერი ამოფრქვევები და ულტრაიისფერი რადიაცია.
„K-ჯუჯები ნაკლებად ექსტრემალურ ულტრაიისფერ რადიაციას გამოყოფენ და ახასიათებთ უფრო მცირე ამოფრქვევითი აქტივობა, ვიდრე M-ჯუჯებს, რაც პლანეტებისთვის პოტენციურად უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ გარემოს და ატმოსფეროს შენარჩუნებას“, — განმარტავენ ავტორები.
მკვლევრებს განსაკუთრებით გაუხარდათ მოწიფული, მშვიდი K-ტიპის ვარსკვლავების პოვნა, ვინაიდან ამ ვარსკვლავებს ყველაზე ნაკლებად ახასიათებთ ძლიერი ამოფრქვევები და მაღალენერგიული რადიაცია.
მიუხედავად იმისა, რომ K-ტიპის ვარსკვლავების მახასიათებლები მათ სიცოცხლისუნარიანობის შესწავლის ხელსაყრელ სამიზნედ აქცევს, ავტორების თქმით, მათ სათანადო ყურადღება არ ექცევათ. 25 პარსეკის რადიუსში, K-ტიპის ვარსკვლავებს გარშემო უფრო ცოტა პლანეტები აქვთ, ვიდრე M-ჯუჯებს და მზის მსგავს ვარსკვლავებს.
ამის მიზეზი მხოლოდ დაკვირვებების მიკერძოებაა. მზის მსგავსი ვარსკვლავები უფრო კაშკაშაა, რის გამოც, ადვილია მათ გარშემო მოძრავ პლანეტათა დაფიქსირება. M-ჯუჯებს უფრო ხელსაყრელი პლანეტა-ვარსკვლავის მასის პროპორცია აქვთ, რაც ასევე ეხმარება ეგზოპლანეტების დაფიქსირებას.
„ეს კვლევა კარგი საფუძველი იქნება მომავალ ათწლეულებში ახლომდებარე ვარსკვლავთა შესასწავლად. შორეულ მომავალში, ეს ვარსკვლავები და მათი პლანეტები კოსმოსური ხომალდებით მოგზაურობის დანიშნულების ადგილი იქნება“, — ამბობს კვლევის უფროსი ავტორი, პროფესორი ტოდ ჰენრი.
კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.
წყარო: პირველი არხი