,,მზის ენერგიაზე მოთხოვნა შარშანდელთან შედარებით მკვეთრად გაზრდილია, დღეს როგორი მოთხოვნაც არის, ასეთი ქართულ ბაზარზე არასდროს ყოფილა” – Shine Energy

შეიძლება ითქვას, რომ დღეს როგორი მოთხოვნაც არის მზის ენერგიაზე, ასეთი ქართულ ბაზარზე არასდროს ყოფილა,- ამის შესახებ Shine Energy-ს დამფუძნებელმა, ნინო გადელიამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, მზარდია მოთხოვნა როგორც რეგიონებში, ასევე თბილისის შემოგარენშიც, მათ შორის ორხევის და ლილოს ინდუსტრიულ ზონაში- ნეტო აღრიცხვასთან დაკავშირებული ცვლილებების ფონზე, ისინიც კი, ვინც აქამდე ყოყმანობდნენ ინვესტიციის ჩადებაზე, დღეს აქტიურად ინტერესდებიან და მოქმედებას იწყებენ; მზარდია ინტერესია ფინანსური ინსტიტუტების მხრიდანაც.
„მოთხოვნა შარშანდელთან შედარებით მკვეთრად გაზრდილია, შეიძლება ითქვას, რომ დღეს როგორი მოთხოვნაც არის, ასეთი ქართულ ბაზარზე არასდროს ყოფილა. ხალხმა მზის ენერგიის ბენეფიტები გარკვეულწილად უკვე გაიგო. გარდა ამისა, ნეტო აღრიცხვის მიმართულებით გარკვეულმა ცვლილებებმა გამოიწვია, რომ აქამდე ვინც ყოყმანობდა მზის ენერგიაში ინვესტიციის გაკეთებაზე, ის დაინტერესებული პირები, ასე ვთქვათ გააქტიურდნენ, ახლა უფრო დაინტერესდნენ. ჩვენ ძალიან ბევრი კომპანია გვაქვს, ვისაც ობიექტი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაფარვის არეალში აქვს და ვაპირებთ, უახლოეს პერიოდში მათთან კომუნიკაციას სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. „თელასის“ არეალში მიკროსიმძლავრის სადგურების აშენება კვლავ შესაძლებელია, რამაც ასევე გამოიწვია, რომ მიუხედავად მცირე მასშტაბებისა, მოთხოვნა თბილისის შემოგარენშიც გაიზარდა, საუბარია ორხევისა და ლილოს მიმდებარედ მდებარე ინდუსტრიულ მეურნეობებზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ მზის ენერგიაზე გადავიდნენ. უკვე ძალიან ბევრი მაღაზია, სასტუმრო და მცირე ობიექტებიც გვიკავშირდებიან და გვთხოვენ დავეხმაროთ.
გაზრდილია საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან დაინტერესებაც, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ „საქართველოს ბანკთან“, „სთან“; სიას ახლახან „ტერაბანკიც“ შეემატა. მათი გააქტიურება მზის ენერგიაზე ცნობიერებას კიდევ უფრო გაზრდის.
თებერვალში, მზის ენერგიაზე ფასის ზრდა დაფიქსირდა, თუმცა ახლა ისევ დასტაბილურდა.
საბოლოო ჯამში, შარშანდელთან და გასულ წლებთან შედარებით, ფასები მკევთრად შემცირებულია, რაც ცხადყოფს, რომ 3-4 წელიწადში ინვესტიციის ამოღება, როცა მზის პანელებს ექსპლუატაციის ვადა 30 წელზე მეტი აქვს, ძალიან კარგი შედეგია“,- აღნიშნა ნინო გადელიამ.
Shine Energy-ს დამფუძნებლის ინფორმაციით, კვლავაც დაბალია მოთხოვნა ფიზიკური პირების მხრიდან, რისი მთავარი მიზეზიც ცნობიერების ნაკლებობა და საშეღავათო პირობების არარსებობაა.
„ინდივიდუალური მოთხოვნის მხრივ როგორც ადრე, ისე ახლაც ვერ ვიტყვით, რომ ძალიან მაღალი დაინტერესებაა. ფიზიკური პირები ნაკლებად ინტერესდებიან, რისი მთავარი მიზეზიც ალბათ, ისევ ცნობიერებისა და კომუნიკაციის ნაკლებობაა. ასევე, ფიზიკურ პირებზე შეღავათიანი პირობები დიდად არ მოქმედებს, ფიზიკურ პირზე არ მოქმედებს „აწარმოე საქართველოს“ სუბსიდირება ან „ქეშბექები“. ფიზიკურ პირებს აქვთ ხოლმე მოთხოვნა, რომ როგორმე დღგ გადასახადი აიცილონ. ამ ნაწილთან მიმართებით პარლამენტში კანონპროექტი დავაიინიცირეთ, თუმცა ჯერჯერობით უკუკავშირი არ მიგვიღია“,- თქვა Shine Energy-ს დამფუძნებელმა, ნინო გადელიამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.