ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის საერთაშორისო ადვოკატი კილან გალაჰერი აცხადებს, რომ ამაღლობელი უნდა გაამართლონ და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ.
მისი თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარეობს უსამართლო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც წარმოიშვა ინციდენტიდან, რომელშიც ის მსხვერპლი იყო და არა დამნაშავე.
„ეს საშინელი საქმე მზიას გასაჩუმებლად და სხვების დასაშინებლად არის შექმნილი… მზიას საქმე სიმბოლურად გამოხატავს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას საქართველოში ავტორიტარული „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ“, – აცხადებს კილან გალაჰერი.
როგორც კილან გალაჰერი აცხადებს, თუ მზია ამაღლობელი არ გათავისუფლდება, მიმართავენ საერთაშირისო ზომებს, რათა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პასუხი აგოს.
„მზია უნდა გაამართლონ და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ. თუ არა, ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ საერთაშორისო ზომებს, რათა საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი აგოს მზიას უფლებების და საქართველოში ფართო საზოგადოების უფლებების დარღვევისთვის“, – აცხადებს კილან გალაჰერი.
· რა ხდება?
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს არ გაითვალისწინა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს – სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმეში არაერთი ცრუმოწმეა და ყველა მათგანი პოლიციელია.
მზია ამაღლობელის პატიმრობის განმავლობაში „ოცნების“ ლიდერები არღვევენ მზია ამაღლობელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციას და მას აბრალებენ, თითქოს მზია ამაღლობელი „დავალებით მოქმედებდა“, მაშინ როცა მსგავს ბრალდებას მზია ამაღლობელს პროკურატურაც კი არ უყენებს.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს მოსამართლე ნინო სახელაშვილი 6 აგვისტოს, 14 საათზე გამოაცხადებს.
