“მზია ნამდვილი ევროპელია, როგორც ბევრი ქართველი, რომელიც ქუჩიდან იბრძვის” – ხატია ჯინჯიხაძის სიტყვა ევროპარლამენტში

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა, ხატია ჯინჯიხაძემ ევროპარლამენტში ისაუბრა საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელსა და დირექტორზე, მზია ამაღლობელზე, რომელიც უკვე 275 დღეა ციხეშია.
“მზია ამაღლობელს ვიცნობ, ბევრი, ბევრია წელია, მაგრამ დღეს მე მინდ ვისაუბრო მასზე, არა როგორც პიროვნებაზე, ან პროფესიონალზე, არამედ მინდა გაჩვენოთ, როგორ ჯდება მზიას ისტორია საქართველოში მედიის თავისუფლების, სამოქალაქო წინააღმდეგობისა და პროევროპული პროტესტის ზოგად კონტექსტში, რომელიც ახლაც მიმდინარეობს საქართველოში. მზია უკვე 275 დღეა ციხეშია, მაგრამ დაპატიმრებამდეც ის და ჩვენ ყველა ვუყურებდით უპრეცედენტო მოვლენებს საქართველოში.
მე ვსაუბრობ ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე, რომლებიც იყო გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში. ესენი არიან ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ პროევროპულ აქციებს. მათ ბრუტალურად, ფიზიკურად დაესხნენ თავს, სცემეს, დააკავეს სპეცრაზმელებმა. ჩვენ ვნახეთ ძალიან შემაშფოთებელი, შოკის მომგვრელი კადრები იმისა, თუ როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში.
ეს იყო დრო, როცა ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს მოეხსნათ პრესის ნიშნები, არათუ ეტარებინათ რაიმე, რაც მათ, როგორც ჟურნალისტებს, აიდენტიფიცირებდა. იმიტომ, რომ პრესის ნიშნები, ჟილეტები, რომელზეც მათ შესაბამისი წარწერები ჰქონდათ, საერთოდ არ იცავდა მათ. ამან ისინი სამიზნეებად აქცია, იმიტომ, რომ ისინი დევნიდნენ ჟურნალისტებს, დევნიდნენ მათ, ვინც იღებდა ვიდეოს, სურათებს, აჩვენებდა იმას, რაც ხდებოდა. ჩნდება კითხვა, ვინ დაისაჯა ამ ძალადობისთვის? პასუხია – არავინ.
არცერთი დამნაშავე არ დასჯილა და არც კი გამოკითხულა. მზია ამაღლობელი დააკავეს 12 იანვარს და ამის შემდეგ ციხიდან ადევნებდა თვალს ქართული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მიმდინარე მოვლენებს და ციხეში გახდა მედიის წინააღმდეგ კიდევ ერთი თავდასხმის შემსწრე. თუმცა ეს მომდინარეობდა არა პოლიციელებისგან, არამედ კანონმდებლებისგან.
“ქართული ოცნების” პარლამენტმა მიიღო დრაკონული კანონების პაკეტი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. დღეს ქართულ მედიაზე უარყოფით გავლენას ახდენს მინიმუმ ოთხი საკანონმდებლო აქტი და ეს მათ მუშაობას შეუძლებელს ხდის. ამ კანონებს გავლენა აქვს როგორც ონლაინ-მედიაზე, ისე მაუწყებლებზე, და ის საშინელ ეფექტს ახდენს დამოუკიდებელ რეპორტაჟებზე. ის ფაქტობრივად ჭრის დონორებისგან დაფინანსების მიღების ყველა შესაძლებლობაზე, რომელზეც ძალიანაა დამოკიდებული ონლაინ-მედია, და აუქმებს სიტყვის თავისუფლების ყველა დამცავ მექანიზმს ამ ქვეყანაში.
ამ პირობებში მუშაობს ქართული მედია, ან უფრო ზუსტად, ცდილობს, რომ იმუშაოს. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს მზიას დაფუძნებულ მედიასაშუალებებზე – ბათუმელებზე და ნეტგაზეთზე. ისინი კვლავ ცდილობენ გააგრძელონ მუშაობა, მაგრამ, შესაძლოა, მალე მათ ეს ვეღარ შეძლონ. გასაოცარია, რომ ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ, ისევ გვიყვებიან ამბებს კორუფციის, სახელმწიფოს მიტაცების, პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ. როგორც მათი ბევრი კოლეგა, ნეტგაზეთის ჟურნალისტები ისევ არიან სასამართლოში და გვიყვებიან ამბებს. სასამართლოდან, რომელიც დახურულია – აკრძალულია გაშუქება შიგნიდან.
ისინი არიან სოლიდარობის წყარო, რომელიც დღეს ფართოდაა გავრცელებული საზოგადოებაში. ისინი ამტკიცებენ სოლიდარობის გრძნობას, როდესაც გვიყვებიან სტუდენტებზე, უნივერსიტეტის პროფესორებზე, დასავლელ დიპლომატებზე, რომლებსაც “ქართული ოცნების” ლიდერები მოიხსენიებენ როგორც აგენტებს, მოღალატეებს და ა.შ. მინდა იცოდეთ, რომ ეს მედიასაშუალებები, რომლებიც ძალიან რთულ სიტუაციაში არიან, ანტიდასავლური პროპაგანდისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ფარები არიან. იმიტომ, რომ ამბები, რომლებსაც ისინი გვიყვებიან, სიმართლეს ემსახურება. ეს სიმართლე არის ძლიერი იარაღი იმ ყოვლისმომცველი პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში.
ვფიქრობ, ძალიან გულწრფელი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ყველა ვაფასებთ იმ ჯილდოებს და აღიარებას, რაც მზიამ საერთაშორისო მასშტაბით მიიღო. ერთ-ერთი პრაღიდანაც მივიღეთ რამდენიმე დღის წინ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჟურნალისტური საზოგადოებისთვის, არამედ ყველა ქართველისთვის, რომელიც ხედავს მზიას აღიარებას ევროპული გზის გაგრძელების დაუღალავი ძალისხმევისთვის. იმ გზის, რომელსაც ქართველი ხალხი დიდი ხნის წინ დაადგა. თუმცა ეს არ არის მარტივი გზა და ჩვენ ვერ გადავრჩებით ამ გზაზე მარტო.
ჩვენ მადლობლები ვართ ყველა გამოხმაურების, განცხადების, რეზოლუციის და ანგარიშის, რომელიც შესაფერისად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას. თუმცა რეაგირება ჯერ კიდევ ნელია. ჩვენ გვჭირდება მკვეთრი გადაწყვეტილებები. ჩვენ გვჭირდება ეფექტური, შესაძლოა, არატრადიციული მექანიზმებიც კი, რომლებიც დაეხმარება ქართველ ხალხს შემობრუნებასა და ევროპულ გზაზე დაბრუნებაში.
საუბარი არ არის მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც შეიძლება გაეწიოს ქართულ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს. საუბარია მათ შორის კანონიერ მექანიზმებზე. თუ ადგილობრივი ძალისხმევა წარუმატებელი იქნება, არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, არსებობს თანამშრომლობის გზები, რომლებსაც აქვს ბერკეტი “ქართული ოცნების” წარმოებულ პოლიტიკაზე.
დაბოლოს, მზიას არ აქვს დასავლური განათლება. ის დაიბადა საქართველოს შორეულ რეგიონში. მაგრამ, დამიჯერეთ, მისი გაგება დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, თანასწორობის შესახებ ბევრად უკეთესია, ვიდრე იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც თავიანთი აკადემიური ხარისხები ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში მიიღეს, ან კარიერა საერთაშორისო ორგანიზაციებში შეიქმნეს. იმიტომ, რომ ის ნამდვილი ევროპელია. მზია არის ის, ვინც ევროპულ ღირებულებებს ატარებს, ისევე როგორც ბევრი, ბევრი ქართველი, რომლებიც ქუჩაში დგანან ამ ხნის განმავლობაში.
და სანამ დავასრულებ, მინდა ვახსენო ცვლილებების პაკეტი, რომლებსაც “ქართული ოცნება” ახლა იღებს. ისინი მუშაობენ ამაზე, სანამ ჩვენ ვლაპარაკობთ. ეს არის ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომლებიც, ფაქტობრივად, კლავს შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას ჩემს ქვეყანაში. ამის სამიზნე არა მხოლოდ კონკრეტულად პოლიტიკური გაერთიანებები, არამედ ინდივიდებიც არიან, რომლებსაც შეიძლება პატიმრობა დაემუქროთ, თუ ისინი ქუჩაში გავლენ და გააპროტესტებენ ნებისმიერ რამეს.
აქ მოსვლამდე ვფიქრობდი, რას გეტყოდათ მზია, აქ რომ ყოფილიყო. ბრძოლის შესახებ მისი ცნობილი ფრაზის გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, გეტყოდათ, რომ საქართველო აგრძელებს ბრძოლას და დაგვეხმარეთ, სანამ გვიან არ არის. მადლობა”.
14 ოქტომბერს ევროპარლამენტში გაიმართა დისკუსია, რომლის სახელწოდებაცაა: „თავისუფლება გისოსებს მიღმა: მხარდაჭერა მზია ამაღლობელს და საქართველოს პროდემოკრატიულ მოძრაობას“. დისკუსიას 5 ევროპარლამენტარი მასპინძლობს: რასა იუკნევიჩიენე, პეტრას აუსტრევიჩუსი, ნაჩო სანჩეს ამორი, სერგეი ლაგოდინსკი და ლენა შილინგი.