ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა საპატიმრო სასჯელი.
მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
ამ გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოსთან შეკრებილი ხალხი პროტესტით და შეძახილებით შეხვდა: “მონებო!”
მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა. ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს ჰქონდა წაყენებული, „სამართალდამცავზე თავდასხმა“, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
საპატიმროში ყოფნის დროს გაუარესდა ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა – “მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%”.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
მზია ამაღლობელს პროკურატურა სთავაზობდა საპროცესო შეთანხმებას, თუმცა ის ამ შეთანხმების წინააღმდეგი იყო. თავის დასკვნით სიტყვაში, მზია ამაღლობელმა თქვა, რომ მისთვის საპროცესო შეთანხმების შეთავაზება „სიკვდილივით“ იყო:
“არა და ვერ მოვაწერ ხელს – იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. 7 თვეა ამაზე ვფიქრობ.
ჩემი დაკავების პირველივე დღიდან ამ სასამართლო სხდომათა დარბაზში მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ – პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით დგებუაძისგან. მგონია, რომ კანონში წერია „სილის გაწვნის“ ადეკვატური მუხლი“.
მზია ამაღლობელი და მისი ადვოკატები 7 თვის განმავლობაში საუბრობდნენ იმ შეურაცხყოფაზე, რომელიც მას დაკავების შემდეგ მიაყენა ირაკლი დგებუაძემ:
„ფეხშიშველი, შეურაცხყოფილი პოლიციის განყოფილებაში ვზივარ – ხმაურით და გინებით, ოთახში მოიწევს პირი. ძალიან ცუდია, რომ ვერ დავიმახსოვრე მათი სახელი, ვინც ამას ამარიდა. მადლობა ეკუთვნით მათ.
ეს შემოვარდნები და გინებები სამჯერ გამეორდა – ყოველი შემდეგი შემოვარდნა იმაზე უარესი იყო, ვიდრე წინა. ბოლო შემოვარდნაზე სახეში შემაფურთხა – ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მეტყოდნენ „ჩაიფსას“, „არ გაიყვანოთ“. ეს პირი „დაზარალებული“ ირაკლი დგებუაძეა“, – ჰყვებოდა ის თავის დასკვნით სიტყვაში 4 აგვისტოს.
მზია ამაღლობელის გათავისუფლებას თვეების განმავლობაში ითხოვდა არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. მის სასამართლო სხდომებს ესწრებოდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საელჩოების, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი მოუწოდებდნენ „ქართულ ოცნებას“, მოეხსნათ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება და ხელი შეეწყოთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის.
სასამართლო სხდომები იმართებოდა საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც მზია ამაღლობელის კოლეგები და აქტივისტები, ისე რიგითი მოქალაქეები.
ფორუმი
