„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირად დასახელდა.
ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტისა (IPI) და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის (IMS) მიერ გაიცემა და ამაღლობელი ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად იქნა შერჩეული — აშშ-დან, პალესტინიდან, პერუდან, ჰონგ-კონგიდან, უკრაინიდან და ეთიოპიიდან.
IPI-ის განცხადებით, დაჯილდოებულები გამოირჩევიან გამბედაობითა და გამძლეობით თავისუფალი მედიისთვის ბრძოლაში.
მზია ამაღლობელმა, რომელმაც სიტყვა რუსთავის ქალთა კოლონიიდან გააგზავნა, აღნიშნა, რომ ეს ჯილდო „აღიარებს საქართველოში მრავალი ჟურნალისტის ბრძოლას, რომლებიც უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად, გაბედულად იცავენ სიმართლეს“.
დაჯილდოების ცერემონია 24 ოქტომბერს, ვენაში, IPI-ის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონგრესზე გაიმართება.
