მზია ამაღლობელი ყველასთვის მაგალითია – სერგეი ლაგოდინსკი

ევროპარლამენტარ სერგეი ლაგოდინსკის განცხადებით, მზია ამაღლობელი ყველასთვის სამაგალითოა.
მისი თქმით, მზია ამაღლობელის ფიგურა სიმბოლური არა მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ის მამაცია, არამედ იმიტომაც, რომ ისეთ ვითარებაში, რაც დღეს საქართველოში არსებობს, პირველი სამიზნენი უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია არიან.
ამის შესახებ სერგეი ლაგოდინსკიმ დღეს, 14 ოქტომბერს, ევროპარლამენტში მიმდინარე დისკუსიისას განაცხადა. დღეს ევროპარლამენტში დისკუსია იმართება, რომლის სახელწოდებაცაა: „თავისუფლება გისოსებს მიღმა: მხარდაჭერა მზია ამაღლობელს და საქართველოს პროდემოკრატიულ მოძრაობას“. დისკუსიას 5 ევროპარლამენტარი მასპინძლობს: რასა იუკნევიჩიენე, პეტრას აუსტრევიჩუსი, ნაჩო სანჩეს ამორი, სერგეი ლაგოდინსკი და ლენა შილინგი.
„იცით, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყენებს შორის ყველაზე თავისუფლებისმოყვარე, ყველაზე მხიარული ერი და ქვეყანა იყო. ბოდიშს გიხდით, სტერეოტიპებით რომ ვლაპარაკობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოზიტიური სტერეოტიპები დასაშვებია. მწყინს იმის დანახვა, რომ ამ ქვეყანას ახლა შიშის, ანტილიბერალიზმის, დამოკიდებულების სული მართავს, რომელიც უკან იყურება და არა მომავალში.
ყოველთვის ასე იყო და ვფიქრობ, რომ ბანალურია იმის თქმა, რომ ასეთ სიტუაციებში პირველი სამიზნენი უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია არიან. სწორედ ამიტომ გახდა მზია [ამაღლობელი] ასეთი სიმბოლური, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ასეთი მამაცია. ის, რაც მან გააკეთა, როგორ მოიქცა და იქცევა, ყველასთვის მაგალითია.
ასევე სიმბოლურია ის, რომ საქართველო გახდა ყველაზე ინოვაციური ლაბორატორია იმისა, თუ როგორ უნდა ჩაახშო თავისუფლება ახლებურად. ეს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ, აქ მყოფ ევროპარლამენტარებს და კოლეგებს, რომლებიც ყველანი თავდადებულნი არიან აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის.
მე ძალიან ვამაყობ, რომ შემიძლია წვლილი შევიტანო ამ ღონისძიებაში და ასევე, ვფიქრობ, შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ ყველანი მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს მზიას ნომინაციას სახაროვის პრემიაზე“, – განაცხადა სერგეი ლაგოდინსკიმ.