მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის ეპიზოდზე – შავნიღბიანი ადამიანების ალყაში აღმოვჩნდი, ეს იყო ძალის დემონსტრირება, ჭყლეტა შექმნეს, ზურგიდან ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, ჩავვარდი, დროის გარკვეულ მონაკვეთში გონება დაკარგული მქონდა, არ ვიცი, ვინ წამომაყენა

მარტო ვიყავი პოლიციელებთან და მესმოდა ფრაზა: „არ დააკავოთ“- შავ ნიღბიანი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი, ჭყლეტა შექმნეს, ტალღისებურად ვმოძრაობდი, ვცდილობდი ვინმეს ჩავჭიდებოდი, შეუძლებელი იყო მყარად მდგარიყავი, ზურგიდან ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, დარტყმის შედეგად ჩავვარდი, დროის გარკვეულ მონაკვეთში გონება დაკარგული მქონდა, გონს რომ მოვედი, ფეხები მტკიოდა, პოლიციის ტალღამ გადამიარა. ორ მომენტში გონება დავკარგე, არ ვიცი, ვინ წამომაყენა. ჩემი ძმისშვილი მოვიდა და მკითხა, თუ როგორ ვიყავი. აღმოვაჩინე, რომ ცალ ფეხზე ფეხსაცმელი არ მეცვა, კედები, არ ვიცი, როდის დამეკარგა,- ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა, სასამართლოს სხდომაზე ს საქალაქო სასამართლოში, სტიკერის გაკვრის ეპიზოდზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მზია ამაღლობელმა ჩვენების მიცემისას აღნიშნა, სასაცილოდ არ ყოფნიდა ის ფაქტი, რომ სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.
„მე ვიზიარებდი ამ აქციის შინაარსს. ჩემი დროიდან გამომდინარე, აქციის მონაწილე იშვიათად ვიყავი, თუმცა დავდიოდი „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე, აქტიური მონაწილეც ვიყავი. 11 იანვარს, შემთხვევის ადგილზე ციალა ქათამიძის დაკავების შემდგე მივედი, ადვოკატ თამარ წულუკიძესთან ერთად. მე და ადვოკატი ერთად გავედით პოლიციის სამმართველოს შენობასთან, ადგილზე მისულებს სრული სიმშვიდე დაგვხვდა. ათი წუთის შემდეგ, დავინახე ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი, რომელიც კომენტარებს იწერდა, აქციის მონაწილეებთან ჩუმად დავდიოდი, არავისთან კონტაქტი არ მქონდა, გავჩერდი და ვიკითხე, რა უნდა ვიცოდეთ „ბათუმელებმა“, მითხრეს, რომ თემურ ქათამაძე დააკავეს, რომლის თურქული სახელი და გვარი აინტერესებდათ. ასევე დაკავებული იყო გოდერძი ფრანგიშვილი.
დავინახე მოქალაქე, რომელსაც სტიკერი ჰქონდა. მე რომ მივედი, პოლიციელებიც არ მინახავს, მშვიდი აქცია იყო, აქციის მონაწილეები დათრგუნულები იყვნენ, ჩემი მისვლის დროს არავინ დაუკავებით, არც არავის დაკავებაზე შემიშლია ხელი.
სტიკერი რომ გავაკარი, ეს იყო სოლიდარობის ნიშანი, არანაირი მოლოდინი არ მქონდა, რომ დამაკავებდნენ. ვიღაცამ მომკიდა ხელი და დამაკავა. როგორც აღმოჩნდა, ბატონი ბესელია ყოფილა. შემდეგ ის ამბობდა, რომ არა, მე არ დამიკავებიაო. მახსოვს, ჭიშკარში ვიღაცამ შემიყვანა, მე ჩავთვალე, რომ დამაკავეს. ბესელია ამ დარბაზში ამბობდა, რომ თურმე ვიგინებოდი დაკავებისას.
პოლიციელი გოჩა ვანაძე პირველად დავინახე ჩვენების მიცემის დროს. სასაცილოდ არ მყოფნიდა, რომ სტიკერის გამო დამაკავეს. მახსოვს ხმაური დაიწყო, როდესაც მიმოვიხედე, მარცხენა მხარეს ვიყავი, ჭიშკართან ახლოს, პოლიციელებისა და ნიღბიანების გარემოცვაში, როგორ აღმოვჩნდი იქ, არ მახსოვს.
ერთადერთი ხმა, რაც ისმოდა, იყო ჟურნალისტების, რომლებიც კომენტარებს იწერდნენ. ძალიან ცუდად ვიყავი, არ ვიცი იქ რა მოხდა, როგორც გითხარით, მართლა მარტო ვიყავი პოლიციელებთან და მესმოდა ფრაზა: „არ დააკავოთ“.
უცბად, პოლიციელების ძალიან სწრაფი გამოვარდნა დავინახე და პოლიციელების ალყაში აღმოვჩნდი. შავ ნიღბიანი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი, ეს იყო ძალის დემონსტრირება, ჭყლეტა შექმნეს, წინ და უკან ხალხს მასა აწვებოდა, მეც ტალღისებურად ვმოძრაობდი, ვცდილობდი ვინმეს ჩავჭიდებოდი, იქ შეუძლებელი იყო მყარად მდგარიყავი. ზურგიდან ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, დარტყმის შედეგად დავვარდი, დროის გარკვეულ მონაკვეთში გონება დაკარგული მქონდა, გონს, რომ მოვედი ფეხები მტკიოდა, პოლიციის ტალღამ გადამიარა. ორ მომენტში გონება დავკარგე, არ ვიცი, ვინ გამომიყვანა იქედან, ვინ წამომაყენა. ჩემი ძმისშვილი მოვიდა და მკითხა, თუ როგორ ვიყავი. აღმოვაჩინე, რომ ცალ ფეხზე ფეხსაცმელი არ მეცვა, კედები, არ ვიცი, როდის დამეკარგა, – აღნიშნავს მზია ამაღლობელი.