ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა და დეპუტატებმა სახაროვის პრიზზე თავიანთი კანდიდატები დაასახელეს. ნომინანტებს შორისაა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.
კანდიდატები საგარეო საქმეთა და განვითარების კომიტეტების და ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის ერთობლივ სხდომაზე წარადგინეს.
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს თქმით, მზია ამაღლობელისა და საქართველოს პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობის წარდგენას სახაროვის პრიზზე ორ დღეში 66-მა ევროპარლამენტარმა მოაწერა ხელი.
იუკნევიჩიენეს თქმით, ამ კანდიდატურას მხარდამჭერები ჰყავს 5 ძირითად პოლიტიკურ ჯგუფში.
„ჟურნალისტები, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, ხდებიან ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების სიმბოლოები. ზუსტად ამის შესახებ არის სახაროვის პრიზი. მალე ერთი წელი გახდება, რაც ქართველები იბრძვიან ქუჩებში ევროპული მომავლისთვის, ხელში ევროკავშირის დროშებით. ეს იგივე ბრძოლაა, რაც უკრაინელების; რაც სხვა კანდიდატის — ანდჟეი პოჩობუტის ლუკაშენკოს ციხეში. ისინი იბრძვიან იმავე კოლონიური იმპერიალისტური ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც ასევე ემუქრება დანარჩენ ევროპულ კონტინენტს“, — განაცხადა იუკნევიჩიენემ.
მისი თქმით, ქართველი ჟურნალისტისა და პროდემოკრატიული პროტესტის წარდგენა სახაროვის პრიზზე არის სიგნალი მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რომელსაც ჯერ არ ჰყოლია პრემიის ლაურეატი.
„ეს წინადადება მნიშვნელოვანია მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის. ჩვენთვის, ევროპისთვის ამ რეგიონში დემოკრატიის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სახაროვის პრემია მზია ამაღლობელისთვის და საქართველოს პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობისთვის იქნებოდა მეტი, ვიდრე უბრალოდ სიმბოლური ჯილდო. საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, მას შეუძლია რეალური ცვლილება მოიტანოს. ჩვენთვის ევროკავშირში ეს შეიძლება გახდეს ძალიან საჭირო ბიძგი, რომ ბოლოს და ბოლოს მეტი გავაკეთოთ იმის დასაცავად, რისთვისაც ისინი და ჩვენ ვდგავართ“, — განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
რაც შეეხება პოლიტიკური ჯგუფების კანდიდატებს, ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების (ECR) ჯგუფმა სახაროვის პრემიაზე პოლონელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი წარადგინეს.
სოციალ-დემოკრატებმა წარადგინეს „კონფლიქტის ზონებში მოღვაწე ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები, რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის პრესის ასოციაცია, პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება (PRCS) და გაეროს ლტოლვილთა დახმარების სააგენტო (UNRWA)“.
მემარცხენე ჯგუფმა წარადგინა პალესტინაში მოღვაწე ჟურნალისტები, ხოლო Renew Europe-მა — სერბი სტუდენტები.
„მწვანეებისა“ წარდგენილი კანდიდატია „ბუდაპეშტის პრაიდი“, ხოლო „სუვერენული ერების ევროპის“ (ESN) — ჩარლი კირკი.
„პატრიოტებმა ევროპისთვის“ წარადგინეს ფრანგ-ალჟირელი მწერალი ბუალემ სანსალი, რომელიც ESN-ის მიერ ნომინაციაზე უარს აცხადებს.
პოლიტიკური ჯგუფების მიერ კანდიდატების დასახელება არის პირველი ნაბიჯი 2025 წლის ევროპარლამენტის სახაროვის აზრის თავისუფლების პრემიის მინიჭების პროცესში. ამის შემდეგ პასუხისმგებელი კომიტეტები 16 ოქტომბერს სამი კანდიდატისგან შემდგარ მოკლე სიას უყრიან კენჭს. გამარჯვებულს ოქტომბრის ბოლოს პრეზიდენტების კონფერენცია შეარჩევს, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასა და პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებისგან შედგება.
საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია ევროპარლამენტის მიერ 1988 წლიდან გაიცემა ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიას, საერთაშორისო სამართალსა და უმცირესობების უფლებებს. პრემიის საპრიზო თანხა 50 000 ევროს შეადგენს.
ევროპარლამენტის თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია წარადგინოს კანდიდატები, ისევე როგორც ცალკეულ ევროპარლამენტარებს (თითოეული კანდიდატისთვის საჭიროა მინიმუმ 40 ევროპარლამენტის მხარდაჭერა).
სახაროვის პრემიის ყველა დროის ლაურეატებს შორის არიან ნელსონ მანდელა, კოფი ანანი, ლუდმილა ალექსეევა, ოლეგ სენცოვი, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, ალექსეი ნავალნი. 2022 წელს სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს გადაეცა. შარშანდელი გამარჯვებული ვენესუელის ოპოზიციური პოლიტიკოსები: მარია კორინა მაჩადო და ედმუნდო გონსალესი არიან.
