ონლაინგამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც 24-ე დღეა, ციხეში შიმშილობს, კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე, რომელიც მზია ამაღლობელის უფლებებს იცავს, რადიო თავისუფლებას ჟურნალისტის კლინიკაში გადაყვანის ფაქტს უდასტურებს.
მისივე ცნობით, ჟურნალისტი “ვივამედში” კვლევებისთვის მიიყვანეს და დღეს ღამით იქ დარჩება.
“ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ პაციენტი მკურნალობას სტაციონარის პირობებში გააგრძელებს.
“გიდასტურებთ, რომ გადმოყვანილია ჩვენთან კლინიკაში და გააგრძელებს მკურნალობას სტაციონარში. ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები, რაც საჭიროა შიმშილობის ეფექტის დროს. ვერ გეტყვით [რამდენ ხანს დარჩება კლინიკაში], ეს დამოკიდებულია, როგორი იქნება მისი მდგომარეობა შემდეგში”, – თქვა ზურაბ ჩხაიძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა ახლა “სტაბილურია”.
მზია ამაღლობელი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, უკანონო პატიმრად მიიჩნევა უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და კოლეგების შეფასებით.
ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
29 იანვარს ხელისუფლებას ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა იან ბრაათუმ.
30 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეშფოთებულია ამაღლობელის დაპატიმრებით და იმედოვნებს, ხელისუფლება სწრაფად იმოქმედებს.