მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძეს – ძალიან მაინტერესებს რა ზიანი მოგაყენეთ ისეთი, რომელიც შეიძლება კვალიფიცირდებოდეს მუხლით, რაც 4 დან 7-წლამდე სასჯელს ითვალისწინებს? – პასუხისმგებლობას არ გავურბივარ

ძალიან მაინტერესებს, მე მზია ამაღლობელმა, რა ზიანი მოგაყენეთ ისეთი, რომელიც შეიძლება კვალიფიცირდეს 353-ე პრიმა მუხლით? იცით, ალბათ, ეს მუხლი 4 დან 7-წლამდე სასჯელს ითვალისწინებს, – ამ კითხვით მიმართა „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ს სამმართველოს უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
„თქვენ დღეს წარმოდგენილი ხართ დღეს, როგორც დაზარალებული. ძალიან მაინტერესებს, მე მზია ამაღლობელმა რა ზიანი მოგაყენეთ ისეთი, რომელიც შეიძლება კვალიფიცირდეს 353-ე პრიმა მუხლით? იცით, ალბათ, ეს მუხლი ითვალისწინებს 4 დან 7-წლამდე სასჯელს.
პასუხისმგებლობას პირველივე დღიდან არ გავურბივარ, უბრალოდ ვამბობ, რომ სილის გაწნა არ არის თავდასხმა. თქვენი პასუხია – კი. რა ზიანი მოგაყენეთ თქვენ რომ მითხრათ?“,- ჰკითხა ამაღლობელმა.
მზია ამაღლობელის ამ კითხვაზე დგებუაძემ უპასუხა, რომ ამაღლობელმა პოლიციელს მიზანმიმართულად გაარტყა ხელი სახეში, რაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია კონკრეტული მუხლით.
ამასთან, დგებუაძემ აღნიშნა, რომ არსებობს მარტივი ქმედებები იმისათვის, რომ 4-დან 7- წლამდე არ მოუწიოს საპყრობილეში ყოფნა.
„ამაზე არაერთხელ მისაუბრია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ირაკლი დგებუაძის მიზანი თქვენი საპყრობილეში ყოფნა არასოდეს ყოფილა. ფაქტი, რომ თქვენ პოლიციელს მიზანმიმართულად სახეში ხელი გაარტყით, ეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია კონკრეტული მუხლით. მე მესმის რომ საზოგადოებისთვის რთული აღსაქმელია 4-დან 7-წლამდე პატიმრობა. მე გულწრფელად არ გისურვებთ საპყრობილეში არც 4 წელს და არც არცერთ დღეს. სამწუხაროდ, თქვენი არასწორი სტრატეგიით, მხოლოდ და მხოლოდ, ირაკლი დგებუაძის ანტიპიარი მიდის და ირაკლი დგებუაძე პიარზე ნაკლებად ნერვიულობს. თქვენი განთავისუფლებისთვის სამართლებრივად თქვენი ეს სტრატეგია არ მუშაობს. არსებობს მარტივი ქმედებები იმისათვის, რომ პასუხი აგოთ იმ კონკრეტული საქციელისთვის ისე, რომ 4-დან 7 წლამდე არ იყოთ საპყრობილეში“,- აღნიშნა დგებუაძემ.
ამაზე ამაღლობელმა უპასუხა, რომ მისი აზრით შურისძიებას აქვს ადგილი – „მართლა მგონია, რომ ეს არის შურისძიება“.
დგებუაძემ შესაბამის რეპლიკას მცდარი უწოდა და დასძინა, რომ ის არ ისურვებდა მზია ამაღლების ციხეში ყოფნას.
„ანუ , მე ვცდილობდი თქვენდამი შურისძიებას? პირდაპირ გეუბნებით, რომ ცდებით. არა მარტო ირაკლი დგებუაძე, არამედ არც ერთი პირი თქვენს მიმართ არ ცდილობს შურისძიებას. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ ვისურვებდი თქვენს ციხეში ყოფნას, მაგრამ მე არ ვარ ის უფლებამოსილი პირი, რომელმაც თქვენი უდანაშაულობა და ბრალეულობა უნდა განსაჯოს, შესაბამისად, ჩემი აღქმით, თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ”, – უპასუხა დგებუაძემ მზია ამაღლობელს.