არასამთავრობო ორგანიზაცია “საიას” იურისტი, ჯუბა ქათამაძე, რომელიც ბრალდებული ჟურნალისტის უფლებებს იცავს, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მათ რუსთავის ციხეში დაუდასტურეს პატიმრის შეყვანის შესახებ. მისივე ცნობით, მზია ამაღლობელი დღეს საღამოს, 18:00 საათის შემდეგ გადაიყვანეს ციხეში.
მზია ამაღლობელი, რომელიც თვე-ნახევარია პატიმრობაშია, კლინიკა “ვივამედიდან” 26 თებერვალს გაწერეს, თუმცა იგი 27 თებერვლის საღამომდე, გაურკვეველი მიზეზით, კლინიკაში დატოვეს.
დაკავების შემდეგ მან 38 დღე იშიმშილა.
ამაღლობელის ადვოკატის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად მოითხოვდა თავად მზიაც.
მზია ამაღლობელის საქმე
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციამ 11 იანვარს, გვიან საღამოს, ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა სტიკერის გაკვრის გამო, შემდეგ კი 12 იანვარს ხელახლა დააკავა, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას სინდისის პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ევროკავშირი, ათობით საერთაშორისო ორგანიზაცია და არაერთი ქვეყნის მთავრობა.
მზია ამაღლობელმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის რუსთავის მე-5, ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან „ვივამედში“ გადაიყვანეს.
