პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებიც 14 ივლისს მზია ამაღლობელის სასამართლოს დაესწრნენ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ეს სასამართლო სხდომაც ქართველი ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების არაპროპორციულ და პოლიტიზებულ ხასიათს აჩვენებს.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„დღევანდელი სასამართლო პროცესი [14 ივლისის] მხოლოდ ადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქმე სრულიად არაპროპორციულია და უნდა შეწყდეს. ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ, როგორც ჩანს, მისი, როგორც ჟურნალისტის მიმართ არის ცილისწამების და მისი სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობა. მზია უაღრესად პატივსაცემი, გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც ცნობილია ჟურნალისტური ეთიკისა და დამოუკიდებლობისადმი ერთგულებით. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მას, როგორც IPI-ის წევრს“, – განაცხადა IPI-ის ადვოკატირების დირექტორმა, ემი ბრულეთმა. „დღევანდელი სასამართლო სხდომა აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელის საქმე შოკისმომგვრელი ცილისწამების კამპანიითაა მოცული, რომელიც მიზნად ისახავს მისი, როგორც პიროვნებისა და ჟურნალისტის, რეპუტაციის შელახვას. ეს, მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად, ღრმად შემაშფოთებელია და უნდა შეწყდეს.ამაღლობელის ძლიერი ჩვენება ასახავს მის ღრმა ერთგულებას საქართველოსა და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის“, – განაცხადა CPJ-ის გლობალური ურთიერთობების მთავარმა ოფიცერმა, ჯიპსი გიენ- კაიზერმა. „[14 ივლისის] სხდომამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ საქმის უსაფუძვლობას. დაცვის მხარემ მიუთითა სერიოზულ პროცედურულ დარღვევებზე, მათ შორის პოლიტიკურ ელფერზე, რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს მიმდინარე საქმეზე. ვიდეოჩანაწერებმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა სავარაუდო მსხვერპლის სანდოობა. მზია ამაღლობელმა მშვიდი და მტკიცე ჩვენება მისცა, გაიხსენა მისი დაპატიმრება და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისადმი – ღირებულებებისადმი, რისთვისაც მას ახლა დევნიან“, – განაცხადა RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟან კაველიემ.
14 ივლისს მზია ამაღლობელს მოუსმინა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, მან მზია ამაღლობელს იმის საშუალებაც კი არ მისცა, რომ მოწმეებისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან გამოსულიყო.
მზია ამაღლობელი დაკითხეს. რა თქვა მან სასამართლოში – რეპორტაჟი
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება.
