ევროპარლამენტარმა ლენა შილინგის განცხადებით, მზია ამაღლობელი აერთიანებს ყველაფერს, რისიც ავტორიტარულ ძალას ეშინია.
ამის შესახებ დღეს, 14 ოქტომბერს, ევროპარლამენტში გამართული დისკუსიის განაცხადა. დღეს ევროპარლამენტში დისკუსია გაიმართა სახელწოდებით „თავისუფლება გისოსებს მიღმა: მხარდაჭერა მზია ამაღლობელს და საქართველოს პროდემოკრატიულ მოძრაობას“. დისკუსიას ხუთი ევროპარლამენტარი მასპინძლობდა: რასა იუკნევიჩიენე, პეტრას აუსტრევიჩუსი, ნაჩო სანჩეს ამორი, სერგეი ლაგოდინსკი და ლენა შილინგი.
ლენა შილინგის თქმით, მზია ამაღლობელის დაპატიმრება არა მხოლოდ მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, არამედ გაფრთხილებაა ყველასთვის, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია.
„დღეს აქ ძლიერი ემოციებით ვარ. მაისში დავესწარი მზიას ერთ-ერთ სასამართლო პროცესს, უსამართლო სასამართლო პროცესს. იქ ვნახე მამაცი ადამიანები, რომლებიც დარბაზის წინ იდგნენ, მზიას გვერდით იდგნენ და ეს არის ის, რაც ჩვენ ყოველდღე უნდა გავაკეთოთ. ჩვენი თავისუფლება დამოკიდებულია პრესის თავისუფლებაზე და შეუძლებელია მისი ისე შეზღუდვა, რომ გაქრეს. ეს არ არის მხოლოდ ისტორიის სიტყვები, ეს არის სიტყვები, რომლებიც დღეს მნიშვნელოვანია საქართველოში და ბევრ სხვა ადგილას, მაგრამ განსაკუთრებით შეგვიძლია ამის დანახვა ახლა და აქ.
მზია[ამაღლობელი] აერთიანებს ყველაფერს, რისიც ავტორიტარულ ძალას ეშინია: სიმართლეს, გამბედაობას, რწმენას, რომ ჟურნალისტიკას კვლავ შეუძლია დემოკრატიის დაცვა და მისი დაპატიმრება არა მხოლოდ მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, არამედ გაფრთხილებაა ყველასთვის, ვინც ჯერ კიდევ თვლის, რომ საქართველოს მომავალი ევროპასთან ერთადაა.
ეს არის ის, რისთვისაც ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. ეს არ არის მხოლოდ პათეტიკური სიტყვები, რასაც აქ ვამბობ, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და თქვენ ყველანი ყოველდღე იბრძვით ამისთვის. ასე რომ, ძალიან მადლიერი ვარ, რომ შემიძლია თქვენს გვერდით ვიბრძოლო, ჩემს კოლეგებთან ერთად და ცოტა მამაცი ვიყო მზიასთან ერთად, რადგან ის ასეთია.
მზია უარს ამბობს დუმილზე და ჩვენც ასე უნდა ვიყოთ, როგორც ევროპარლამენტის წევრები, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, როგორც მებრძოლი ადამიანები. ეს უფრო დიდი საქმეა, ვიდრე უბრალოდ ჟურნალისტის უსამართლო საქმე. ეს არის საქმე, რომელიც აჩვენებს, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო ახლა – ავტოკრატიულ რეჟიმი, რომელიც რუსეთის გავლენის ქვეშაა.
მე ვფიქრობ, რომ ეს ხმამაღლა და ნათლად უნდა ვთქვათ ყველა კოლეგასთან. ის ნარატივები, რომლებსაც ულტრამემარჯვენეები ავრცელებენ, არა მხოლოდ მზიას შესახებაა, არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებაზეა, რომელიც წინააღმდეგობას წევს, არამედ რუსულ რეჟიმზეა და იმაზე, თუ რას აკეთებს ის მსოფლიოს მრავალ ხალხთან, განსაკუთრებით კი დღეს საქართველოში.
მზიას მხარდაჭერა ნიშნავს თავისუფალი ევროპისა და თავისუფალი საქართველოს დაცვას. ეს არის გზა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ. თუ რუსულ რეჟიმთან ამ ბრძოლას წავაგებთ, ჩვენთვის მომავალი არ იქნება, რადგან ეს ბრძოლა ჩვენიც არის. ეს ევროპის ბრძოლაა… ვიბრძოლოთ მანამ, სანამ საქართველო კვლავ თავისუფალი არ იქნება“, – განაცხადა ლენა შილინგმა.
