მზია ამაღლობელის საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატია საფრთხეშია – ევროპარლამენტარი ლენა შილინგი

დღეს, 16 მაისს, ბათუმში ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი ესწრება.
პროცესის დაწყებამდე ლენა შილინგმა განაცხადა, რომ ის ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერადაა.
„აშკარაა, რომ ესაა პოლიტიკური საქმე და საკითხავია ვიცავთ თუ არა ჩვენ ჩვენს ღირებულებებს, დემოკრატიას. აქ ვარ, რადგან თავადაც ვიყავი აქტივისტი და გამიკრავს სტიკერი, ახლა კი ევროპარლამენტში ვარ და არა პატიმრობაში. ამ საქმეს ყურადღებით ადევნებენ თვალს ევროკავშირში.
მთელი მსოფლიოს გარშემო ვხედავთ, რომ მამაც ქალებს, ჟურნალისტებს, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ და გამოთქვამენ თავიანთ აზრს, იღვწიან დემოკრატიისთვის, განსხვავებულად ეპყრობიან. არც ეს საქმეა გამონაკლისი. კლიმატის კონფერენციაზე ვიყავი აზერბაიჯანში, სადაც განიხილავდნენ ჟურნალისტ ნარგიზ აბსალამოვას საქმეს, რომელიც პატიმრობაშია. ჩვენ აქ უნდა დავინახოთ გავლენა. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ რუსეთს აქვს გავლენა ჟურნალისტების საქმიანობაზე, განსაკუთრებით როგორ ექცევიან ქალებს, რომლებიც საკმარისად მამაცები არიან, რომ ხმამაღლა ისაუბრონ. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ამას ყველგან ვხედავთ, შეგვიძლია დავინახოთ როგორ დასრულდება ეს.
საქართველო ნამდვილადაა გზაზე მე მინდა ,რომ საქართველო ევროპული მომავლის გზას დაუბრუნდეს, რამდენიმე წელში კი ევროკავშირის ნაწილი გახდეს, ამისთვის ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია“, – განაცხადა ლენა შილინგმა.
როგორც ლენა შილინგმა განაცხადა, მზია ამაღლობელის საქმეშიც, საზოგადოებრივი აზრის განვითარების თვალსაზრისით, რუსული გავლენები იგრძნობა.
„მზიას საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატია საფრთხეშია, რადგან ეს პოლიტიკური საქმეა. ჩვენ აქ ვართ სასამართლოში, მაშინ როცა უმეტეს ქვეყანაში ეს სისხლის სამართლის საქმე არ იქნებოდა, ევროპულ ქვეყნებში ეს საერთოდ არაა სისხლის სამართლის საქმე.
ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, როგორც ევროპარლამენტის წევრების,რომ ყურადღებით დავაკვირდეთ აქ მიმდინარე მოვლენებს. მზიას საქმე არის ის, რომელიც იმედს გვაძლევს, რადგან ის იქ დგას, ის მამაცია და მეც აქ ვარ, რათა ვუყურო და მხარი დავუჭირო ქალებს, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ და მე ამას გავაკეთებ ევროკავშირში, ევროპარლამენტში და არ გავჩერდები მანამ, სანამ მზია ბრძოლას აგრძელებს.