მზია ამაღლობელის პატიმრობით ცდილობენ გაანადგურონ, რაც პრესის თავისუფლებისგან დარჩა — IPI

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის 100 დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აახლებს კამპანიას, რომელიც მისი გათავისუფლების მოთხოვნით წამოიწყო.
„დღეს მეასე დღეა, რაც პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის წევრი მზია ამაღლობელი, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, დამფუძნებელი და დირექტორი გამოცემებისა „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“, პატიმრობაში იმყოფება.
მზიას დაკავება აშკარა მცდელობაა საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ჩაახშონ კრიტიკული ხმები, დააშინონ დამოუკიდებელი ჟურნალისტები და გაანადგურონ, რაც პრესის თავისუფლებისგან დარჩა საქართველოში.
მიუხედავად ამ თავდასხმისა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ქართველი ჟურნალისტები, მზიას ჩათვლით, ბრძოლას აგრძელებენ.
კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და ურყევად გამოვხატავთ ჩვენს სრულ სოლიდარობას მისი ოჯახისა და კოლეგების მიმართ.
შემოგვიერთდით და მოითხოვეთ ჩვენთან ერთად მზიას გათავისუფლება“, — ნათქვამია IPI-ს განცხადებაში.
კამპანიის ტექსტი, რომელზეც ბმულით გადადიხართ, ხაზს უსვამს, რომ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს აქვს წაყენებული, სასჯელი, რაც მას ელოდება, სრულიად შეუსაბამო და არაადეკვატურია იმ ეპიზოდისა, რის გამოც დააკავეს იგი.
„მთელი თავისი კარიერის მანძილზე, მზია ავლენდა სამაგალითო გამბედაობას და სიმტკიცეს დემოკრატიული ღირებულებების, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტების დასაცავად. მზიას დაკავება ნაწილია იმ მხეცური ზეწოლისა, რასაც დემოკრატიულ პროტესტსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ახორციელებენ. […] დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, მოეხსნას შეუსაბამო ბრალდებები, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო. ჩვენ ვდგავართ მზია ამაღლობელის, „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთში“ მისი კოლეგების, ყველა დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის გვერდით“, — ნათქვამია კამპანიის ტექსტში, რომელიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.
კამპანია IPI-მ წამოიწყო და მას უერთდებიან მედია-მენეჯერები, ჟურნალისტები, რედაქტორები მთელი მსოფლიოდან.
რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.
მზია ამაღლობელის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ განაწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.
მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი ამ საქმიდან მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა. „მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.
2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ს პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეოჩანაწერებში ჩანს.
საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ასევე აპირებენ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ევროსასამართლოს მიმართონ.