ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ჟურნალისტები მოითხოვენ, რომ მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.
გამოცემა „ბათუმელების” ჟურნალისტები საგამოძიებო სამსახურთან კითხვებით მივიდნენ.
ჟურნალისტების თქმით, პროკურატურამ რომ მზია ამაღლობელი დაზარალებულად ცნოს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა მიმართოს.
„მოვითხოვთ, მიენიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყოს გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტზე. შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს.
რატომ არ ენიჭება მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი?
გამოიკითხა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე?
რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეთ ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე?
რატომ არ გამოიძიეთ საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები?
როდის დაიწყებთ გამოძიებას ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე?
რატომ დაიწყეთ გამოძიება სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და არა არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის მუხლით, რაზეც მზია ამაღლობელი საუბრობს?”- ეს კითხვები გააჟღერეს ჟურნალისტებმა აქციის მსვლელობისას.
