ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა.
სხდომას ესწრებოდა თავად მზია ამაღლობელიც.
დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე. მან ირაკლი დგებუაძის მოადგილესთან ერთად 12 იანვარს პირადად დააკავა მზია ამაღლობელი. ასევე, გამოიკითხა პოლიციელი თამარ კერესელიძე, რომელმაც მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი შეადგინა.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.
