მზია ამაღლობელის ადვოკატი – ყველა შემდგომი დღე უარესია ჩვენს მართლმსაჯულებაში – მეც, მზიაც და სხვა არაერთი უკანონოდ მსჯავრდებული, მართლმსაჯულებას ვეძებთ იქ, სადაც არ არის

ყველა შემდგომი დღე უარესია ჩვენს მართლმსაჯულებაში – სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სისტემამ უკვე შეწყვიტა იყოს სამართლიანი, გადაწყვიტა იყოს ტოტალურად უსამართლო და მოძალადე, – ამის შესახებ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის აცხადებს, რომ მზია ამაღლობელი და სხვა მსჯავრდებული მართლმსაჯულებას ეძებენ იქ, სადაც არ არის.
„გადაწყვეტილებას ვასაჩივრებდით სწორედ იმიტომ, რომ იყო აბსოლუტურად უკანონო და დაუსაბუთებელი. უკვე სიტყვებმაც ფასი დაკარგა ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას. ჩვენი სასამართლო ჯერჯერობით კიდევ თამაშობს პროცედურულ სამართლიანობას, პატივს გვდებენ და გვისმენენ. ცოტა ხანში არც ამ პროცედურულ სამართლიანობას არ ითამაშებენ. მგონია, რომ სარეჟიმო ობიექტზე დავდივარ, იქ არის ასეთი წესები. რაციით აკონტროლებენ ყველა შენს გადაადგილებას.
ყველა შემდგომი დღე უარესია ჩვენს მართლმსაჯულებაში. ახალს არაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ მეც და მზიაც და სხვა არაერთი უკანონოდ მსჯავრდებული, მართლმსაჯულებას ვეძებთ იქ, სადაც არ არის. ამ და არცერთ სხვა სასამართლო შენობაში მართლმსაჯულება არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა.
ინფორმაციისთვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლითაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
შეგახსენებთ, 6 აგვისტოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კერძოდ, მას მსჯავრი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პოლიტიკური ალტერნატივის გარეშე გამოსავალი არ იქნება, ეს ილუზიები, რომ ქუჩაში ვიდგებით და გაიქცევიან, არავინ არსად არ გაიქცევა – სანამ არ გაჩნდება ძალა, რომელსაც ექნება ხალხის მხარდაჭერა, ხელისუფლება არ შეიცვლება

აკაკი ბობოხიძე – მგონია, რომ პარტიები ძალიან გავერთეთ ქვეყნის შიგნით მიტინგების დაორგანიზებით, რომელიც სინამდვილეში თავისთავად ორგანიზდება – ჩვენ გვაქვს სხვა სფერო, სადაც ვართ შეუცვლელები, ეს არის პარტნიორებთან მუშაობა