სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, დაებრუნებინა საზოგადოების ნდობა და დღევანდელი საქმის განხილვით მაღალ თამასაზე აეწია ის რეპუტაციული სტანდარტი, რომელიც სასამართლოს უნდა ჰქონდეს – სამწუხაროდ, სასამართლომ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა,- ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ადვოკატი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ სასამართლოს განმარტებები არათუ შიდა სასამართლო სტანდარტებს და პრაქტიკებს, არამედ საერთაშორისო გადაწყვეტილებასაც არ შეესაბამება.
„დღეს სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, დაებრუნებინა საზოგადოების ნდობა და მაღალ თამასაზე აეწია დღევანდელი საქმის განხილვით ის რეპუტაციული სტანდარტი, რომელიც სასამართლოს უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, სასამართლომ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. აღარ ვსაუბრობ იმ საპროცესო ნორმების არასწორად განმარტებაზე, რომელიც საფუძვლად დაუდო პატიმრობის გამოყენებას. ზოგადად, ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდებას, მით უმეტეს აღკვეთის ღონისძიების სახით, მაღალი დასაბუთების სტანდარტი სჭირდება. სამწუხაროდ, როდესაც სასამართლომ ეს დასაბუთების სტანდარტი გამოიყენა, იხელმძღვანელა იმ მტკიცებულებით, რაც სასამართლოს მიერ დადგენილი არაა. მარტივად რომ ვთქვათ, მზია ამაღლობელის დაკავების ფაქტი მიიჩნია ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის საფრთხედ და პატიმრობა პრევენციად გამოიყენა. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ავხსენით, რომ სტიკერის კედელზე გაკვრა სამართალდარღვევა არაა. ეს სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც თავის დროზე იმ პოლიციელმა შეადგინა, რომელმაც ამაღლობელი დააკავა, თავისთავად უკანონოა. ამ უკანონობის დადასტურება საჭიროებს სასამართლო გადაწყვეტილებას. ნახეთ, რამდენი ჯაჭვური ამბავია?! არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მზია ამაღლობელის სამართალდამრღვევად დაკავება კანონიერი იყო. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს კანონიერი ფაქტი იყო, ანუ კედელზე სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევა იყო. როდესაც ის დააკავეს და გამოუშვეს, შემდეგ კი ახალი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეიძლება ამან იმდენად განგრძობადი ხასიათი მიიღოს, რომ მომავალში კიდევ ახალი დანაშაული ჩაიდინოს. ანუ, ჰიპოთეზურად, შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება ვამყოფოთ ციხეში იმის გამო, რომ ვთვლიდეთ, რომ მისგან დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. ამგვარი განმარტებები არათუ შიდა სასამართლო სტანდარტებს და პრაქტიკებს არ შეესაბამება, არამედ საერთაშორისო გადაწყვეტილებასაც. მიუხედავად ამისა, ჩვენ, ადვოკატებს ამ ეტაპზე სხვა შესაძლებლობა არ გვაქვს. ვაგრძელებთ ყველა სამართლებრივ გზასა და პროცესს, რაც საჭიროა უფლების დასაცავად. თუ შიდა რეგულაციებისა და შიდა საკანონმდებლო დონეზე უფლების დაცვას ვერ შევძლებთ და გადაწყვეტილება არ შეიცლება, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს“,- განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.
ამ დროისთვის, ბათუმის სასამართლოსთან აქცია იმართება. პროტესტს მედიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ.