მზია ამაღლობელის ადვოკატი – მზიას ყველანაირი მოლოდინი აქვს, შეგუებულია და იცის, რა ბრძოლაშიც არის – მისი სურვილია, სამართალი აღსრულდეს და არა თავი დაიმდაბლოს და ბოდიში მოიხადოს, რასაც მისგან ითხოვენ

მთელი ამ პროცესების განმავლობაში სასამართლოზე სახელისუფლებო ზეწოლა მიმდინარეობდა, რომ სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელსაც უკვეთავენ – ბრალდების მხარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ [ირაკლი დგებუაძეს] ჯანმრთელობის დაზიანება არ მისდგომია, ისიც ვერ დამტკიცდა, ეტკინა თუ არა,- ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო პროცესზე, რომელიც 1-ელ აგვისტოს გაიმართა, სადაც დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას ამბობდა, მოსამართლემ დაცვის მხარის უფლება შეზღუდა და მათ დასრულების საშუალება არ მისცა.
„გუშინ დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა ვთქვით, პროცესი დიდი ხანი გაგრძელდა, მიმოვიხილეთ ყველა ცრუ მოწმე, რომლებმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს. ისინი რომ ცრუ მოწმეები იყვნენ, ეს არამარტო ჩვენი განცხადებებით, არამედ ჩვენს მიერ მიტანილი კონკრეტული ვიდეო მტკიცებულებებით მტკიცდება. ვიდეოში მტკიცება, რომ ცრუ მოწმეები რომელ ფაქტობრივ გარემოებებზეც საუბრობენ, ტყუილია. სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს მათი ჩვენებები, რადგან ეს პირები არ არიან სანდოები. ასევე, ვისაუბრეთ, რომ გამოძიება ობიექტურად არ იყო ჩატარებული, ასევე ვისაუბრეთ იმ დარღვევებზე, რომელიც სასამართლოში იყო მზია ამაღლობელის მიმართ. მათ შორის სტრასბურგშია წასული უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საქმე. სასამართლო პროცესზე ბოლოს, როდესაც სასამართლო დარღვევებზე ვსაუბრობდით, ნერვებმა უმტყუნა და დაცვის მხარის უფლება შეზღუდა და დასრულების საშუალება არ მოგვცა.
მთელი ამ პროცესების განმავლობაში სასამართლოზე სახელისუფლებო ზეწოლა მიმდინარეობდა, რომ სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელსაც უკვეთავენ. მთელი ამ პროცესების განმავლობაში არამარტო პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ, არამედ საუბრობდნენ ქმედების მოტივზე და მიზნებზე, რაც გამოძიების საქმეა. გუშინაც ვთქვით, რომ მოლოდინი არ გვაქვს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და სამართლიანობა გაიღვიძებს, მაგრამ ყველა ადამიანს გვაქვს მომენტი, როცა ხვდება თუ სად არის სიმართლე და რაღაც მომენტში შეიძლება თავს უფლება მისცეს, რომ საკუთარ თავს გადააბიჯოს.
ერთადერთი სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილება ამ საქმეში იქნება, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგეს, რადგან მზია ამაღლობელს ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას. სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლი ერთადერთი ადგილია კოდექსში, რომელიც თავდასხმის დეფინიციას იძლევა და ამბობს, რომ ქმედება თავდასხმად ფასდება ინტენსივობითა და სიმძაფრით და განზრახული უნდა იყოს რომელიმე – ჯანმრთელობის დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან ქონებრივი დაზიანება. ამ შემთხვევაში კი შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჯანმრთელობის დაზიანებაზე, მაგრამ ეს ნაწილიც გაცამტვერებულია, რადგან ბრალდების მხარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ [ირაკლი დგებუაძეს] ჯანმრთელობის დაზიანება არ მიდგომა, ისიც ვერ დამტკიცდა ეტკინა თუ არა. ჩვენი ექსპერტიზით დამტკიცდა, რომ გამორიცხულია, რომ მას ტკივილი განეცადა. ლოყის გაწითლების საკითხი ჩვენი მხრიდან გაბათილებულია, რადგან ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებებით, რომელიც ინციდენტიდან 1-2 წუთის შემდეგ არის გადაღებული ჩანს, რომ დგებუაძეს არანაირი სიწითლე არ აქვს. მან განაცხადა, რომ ის შეურაცხყოფილი დარჩა, ეს ასეა, სილის გაწვნა შეურაცხმყოფელია და არა ჯანმრთელობის დაზიანებისკენ მიმართული ქმედება“,- განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელს ყველაფრისთვის მზად არის და განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს გაჩენილი.
„მზია გუშინაც მზად იყო, მაგრამ ის არცერთ პროცესზე სკამზე არ დამჯდარა, ყოველთვის ფეხზე დგას, გუშინ სასამართლო პროცესი თითქმის 10 საათი გაგრძელდა და შეუძლებელი იყო მას იმ ყველაფერზე ესაუბრა. ორშაბათს მზია დასკვნით სიტყვას იტყვის. ყველანაირი მოლოდინი აქვს, არ აქვს განსაკუთრებული მოლოდინები გაჩენილი, შეგუებულია ყველაფერს და იცის, რა ბრძოლაშიც არის. ძალიან პრინციპული ადამიანია. მისი მოთხოვნა და სურვილია, რომ სამართალი აღსრულდეს და არა თავი დაიმდაბლოს და ბოდიში მოიხადოს, რასაც მისგან ითხოვენ. მას შესთავაზეს საპროცესო გარიგება, რომელიც ზემოქმედების იარაღია, რომ „აი აღიარე, რაც არ ჩაგიდენია, ბოდიში მოიხადე და გაგიშვებთ“. მზიას ეს არ სჭირდება, მზია ერთადერთ რაიმეს ითხოვს, ეს სამართლის აღსრულებაა.
ის, რომ მზია ამაღლობელმა პოლიციელზე თავდასხმა ჩაიდინა არის აბსურდი“,- განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელის შემდეგ პროცესი 4 აგვისტოს 13:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც ის დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.
გამოძიება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე(პრიმა) მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ს პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რასაც პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან