მზია ამაღლობელის ადვოკატი: ეს არაა განაჩენი, ეს არის დასჯის დემონსტრაციული აქტი

მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის თქმით, მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ გამოცხადებული განაჩენი მზია ამაღლობელის საქმეზე “დასჯის დემონსტრაციული აქტია”. ეს განცხადება მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მაია მწარიაშვილის თქმით, მუხლის გადაკვალიფიცირება – ყველას ბრძოლის შედეგია, თუმცა, ეს არ არის სამართალი. ამ კონტექსტში ადვოკატმა სხვა პრეცედენტი გაიხსენა და ჟურნალისტებს მიუთითა, შეადარონ ყველა სხვაობა და თანხვედრა ორ საქმეს შორის და “ეს იქნება პასუხი, რატომ არის მზია სინდისის პატიმარი”.
“სინამდვილეში, ეს არის საკუთარი თავის და სახის გადარჩენის მცდელობა და სამართალთან ამას საერთო არაფერი აქვს. სინამდვილეში, ეს არის არა განაჩენი, მინდა სწორად გაიგოს საზოგადოებამ, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი. აბსოლუტურად უინტერესოა 4 წელი იქნებოდა, თუ 2 წელი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ იმავე ქმედებაზე, რაზეც ვსაუბრობთ ამდენი ხანი. ამიტომ, სასამართლომ და სასამართლოს უკან, იცით ვისაც ვგულისხმობთ, ვინაიდან მთელი ხელისუფლება იყო ჩართული მზიას წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში და საქმეზე – ეს იყო მათთვის, ვითომ, სახის შენარჩუნების მცდელობა, სინამდვილეში, ამას არაფერი საერთო არ აქვს 353-ე მუხლის კვალიფიკაციასთან.