მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მისმა ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნელისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მის წინააღმდეგ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობის გაუქმების თაობაზე სასამართლოს მიმართეს.
ამის შესახებ ჟურნალისტის ადვოკატმა, გიორგი ხიმშიაშვილმა მედიასთან ისაუბრა.
ადვოკატის თქმით, ამ საქმის შინაარსობრივი ნაწილი აბსოლუტურად უკანონოა და მისივე ცნობით, ახლა მთავარი ამოცანა მზია ამაღლობელის გათავისუფლებაა.
“დღეს მზია ამაღლობელის დაცვის მხარემ და ადვოკატებმა შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების თაობაზე. თვითონ ეს საქმე და მისი შინაარსობრივი ნაწილი არის აბსოლუტურად უკანონო მისი დაკავებიდან დღემდე. გამომდინარე აქედან, ვცდილობთ, რომ ეს უკანონობა დავასრულოთ. შესაბამისად, ეს არის სასამართლოსთვის შესაძლებლობა მის მიერ დაშვებულ შეცდომაზე, არასწორად გამოყენებულ სამართლებრივ ნორმებსა და მზია ამაღლობელის უფლებების ხელყოფაზე, დღეს მაინც იმსჯელოს სწორად, მართებულად და მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის საკითხი დავასრულოთ იმ ვადებში, რა ვადებიც ამ შუამდგომლობის განხილვას სჭირდება. პროცედურულად შუამდგომლობა შეეხება აღმკვეთი ღონისძიების გაუქმებას. პირველი ეტაპია მისი დასაშვებად ცნობა. ცხადია, ჩვენ ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ახალი გარემოებები, ფაქტები მიგვეწოდებინა სასამართლოსთვის. ეს შუამდგომლობა არის დასაბუთებული. მიგვაჩნია, რომ როგორც პირველ ეტაპზევე იყო მზია ამაღლობელის დაკავება უკანონო, ეს უკანონობა გრძელდება თვეზე მეტია და დღეს არის იმის შესაძლებლობა, რომ სასამართლომ გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომები, ხარვეზები და მზია ამაღლობელს მიეცეს შესაძლებლობა მისი სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლა გააგრძელოს თავისუფალ რეჟიმში.
ილის გაწვა ვერ შეფასდება თავდასხმად. კვალიფიკაცია რომელიც პროკურატურამ გამოიყენა, იყო იმის მცდელობა, რომ საქმის სიმძიმე წარმოეჩინათ და საზოგადოებაში შეექმნათ განცდა, რომ ძალიან მძიმე კრიმინალურ ფაქტთან გვქონდა საქმე. მაგრამ ის ფაქტები, რაც ისედაც საჯაროა, ყველა ვრწმუნდებით და ვთანხმდებით, რომ სილის გაწვნა ვერ შეფასდება პოლიციელზე თავდასხმად. სილის გაწვნას, როგორც ფაქტს და მოქმედებას, აქვს თავისი სამართლებრივი შეფასება, მაგრამ, ვერავითარ შემთხვევაში, ვერ ჩაჯდება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის კვალიფიკაციაში. მთავარი ამოცანა არის მზიას თავისუფლება”, – განაცხადა ხიმშიაშვილმა.
ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 33-ე დღეა შიმშილობს და ის კლინიკა ვივამედიში არის გადაყვანილი.