მზია ამაღლობელისთვის თვალზე კვლევების ჩატარებას “ნიუ ჰოსპიტალსში” აპირებენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირაში ციხის ადმინისტრაცია გეგმავს მზია ამაღლობელისათვის თვალზე კვლევების ჩატარებას.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, საუბარია კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსზე”, სადაც მზია დაკავებამდე მკურნალობდა.
მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ საგრძნობლად გაუარესდა და საგანგაშო ნიშნულზეა. საიას 24 ნოემბრის განცხადების თანახმად, არაერთი მიმართვის მიუხედავად, მას არ უტარდება მკურნალობის დასაგეგმად საჭირო გამოკვლევები, ამ დრომდე ვერ იღებს ექიმის სათანადო კონსულტაციას, რაც მხედველობის შესანარჩუნებლად მკურნალობის დასაგეგმად ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად არის აუცილებელი.
საიასვე ცნობით, 2025 წლის 1 ივლისს მზია ამაღლობელის ადვოკატმა ციხის ადმინისტრაციისაგან მოითხოვა მაღალტექნოლოგიური თვალის კვლევების ჩატარება სათანადო პროფილის კლინიკაში, რისთვისაც მისი მხრიდან შეთავაზებული იყო „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“. თავად მზია ამაღლობელი პატიმრობამდე რამდენიმე წლით ადრე სარგებლობდა „ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრის“ მომსახურებით, სადაც მისი დაავადების ისტორიაც ინახება. მზიას ამ წერილში ხაზგასმული იყო, რომ კვლევის საფასურს თავად პაციენტი დაფარავდა და სახელმწიფოს არ მოუწევდა დამატებითი ხარჯების გაღება.
საიას განცხადებით, მზიას დაავადების პროგრესირების შესაფასებლად, მნიშვნელოვანია ძველი და ახალი კვლევების (ტოფოგრაგიული მაჩვენებლების) ერთმანეთთან შედარება. კერატოკონუსის პროგრესირების შეფასება, მხოლოდ მხედველობის ფუნქციური გაუარესების საფუძველზე არ შეიძლება მოხდეს და მხედველობის გაუარესებას, შესაძლოა არა კერატოკონუსი, არამედ სხვა მიზეზი იწვევდეს. მხედველობის გაუარესების მიზეზის დადგენა კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მკურნალობის სტრატეგიის შესარჩევად, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.
საიას თანახმად, ნაცვლად აღნიშნული კლინიკებისა, მაშინ მზია ამაღლობელი კვლევებისათვის გადაიყვანეს ციხის ადმინისტრაციის მიერ შერჩეულ კლინიკა ,,მზერაში“. გამოკვლევების შედეგად, მზია ამაღლობელს დაესვა მარცხენა თვალში მე-4 ხარისხის კერატოკონუსის და მარჯვენა თვალში 1-2 ხარისხის კერატოკონუსის, ასევე, მიოპიური ასტიგმატიზმის დიაგნოზი. გამოკვლევების დროისათვის, მისი მხედველობა მარცხენა თვალში იყო 0,01, რომელიც არ კორეგირდება, ხოლო მარჯვენა თვალში – 0,1-0,2. მისი მხედველობის სტაბილიზაციის მიზნით გაიცა სამედიცინო რეკომენდაცია (კროს-ლინკინგის ჩატარება) მხოლოდ მარჯვენა თვალთან დაკავშირებით, თუმცა არანაირი რეკომენდაცია არ მიეცა მარცხენა თვალთან დაკავშირებით, რომლის მხედველობა ამავე დასკვნით არის მხოლოდ 1%.
საიას თქმით, აღსანიშნავია, რომ თავად მზიას განმარტებით მას ამავე კლინიკაში არ გაეწია არანაირი რეკომენდაცია ამ პროცედურის – ,,კროს-ლინკინგის“ ჩატარების და მისი შედეგიანობის შესახებ, მას არ აუხსნეს ამ პროცედურის შესაძლო რისკები. სწორედ ამიტომ, მზია ამაღლობელმა ციხის ადმინისტრაციას წერილობით აცნობა შემდეგი: ,,…თქვენი დაწესებულების პროვაიდერ კლინიკა ,,მზერა“-ს არ გააჩნია თანამედროვე/საჭირო აპარატურა და მისი ჩატარებული კვლევები ვერ აჩვენებდა სრულყოფილ სურათს. გარდა ამისა, მე არ გამსაუბრებია კლინიკა ,,მზერა“-ს ის ექიმი, რომელმაც გასცა რეკომენდაცია. ჩემთვის პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები – რა რისკები გააჩნია ან რა შედეგის შემცველი იქნებოდა ის მანიპულაცია თვალზე, რის რეკომენდაციაც მივიღე. ვიცი, ში გარანტიები არ არსებობს, შესაბამისად, არც გაიცემა და არც ველოდები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ერთ თვალში (მარჯვენა) შემომრჩა მხედველობის ის ხარისხი, რითაც ძირითადად სათვალის გამოყენებით ვახერხებ კითხვას, ვალდებული ვარ გადაწყვეტილებებში ვიყო უფრო ფრთხილი. ჩემი მხედველობის შენარჩუნება ან/და გაზრდა შესაძლებლად მიმაჩნია ჩემს სამედიცინო ისტორიაზე დაყრდნობით, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კლინიკაში, სადაც ექიმებს აქვთ კერატოკონუსის დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება“.