“მზად ვარ, ციხეში იმდენ ხანს ვიყო, რამდენიც საჭირო იქნება…” – ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას წერილი წაიკითხა

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას წერილი წაიკითხა:
💬 “ძვირფასო რასა, სიტყვებით ვერ გამოვხატავ, თუ როგორი მადლიერი ვარ, როდესაც თქვენს ურყევ, უწყვეტ მხარდაჭერას და ერთგულებას ვხედავ საქართველოს მიმართ, ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლის მიმართ. ფასდაუდებელია თქვენნაირი მეგობრების ყოლა ამ რთულ დროს.
ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ჩემი სახელი საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენის დღის წესრიგის ნაწილია. თუმცა ცხადია, რომ მთავარი მე კი არა, ქართველი ხალხია, რომელმაც წარმოუდგენელი გამძლეობა გამოავლინა რუსეთთან ბრძოლაში. ეს არ არის ბრძოლა ერთი ადამიანის თავისუფლებისთვის; ეს არის ბრძოლა ერის ღირსებისა და მისი ევროპული არჩევანის დასაცავად.
მინდა, იცოდეთ, რომ მზად ვარ, ციხეში იმდენ ხანს ვიყო, რამდენიც საჭირო იქნება და პირადად ჩემი დაპატიმრების გამო არ ვწუხვარ. გაცილებით მნიშვნელოვანია, საკმარისი ყურადღება მიექცეს იმ სტრატეგიულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ევროპა დგას საქართველოში. ამას კი თქვენ ნამდვილად წარმატებით ახერხებთ.
შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი გამოყენება სავაჭროდ მოინდომოს, როგორც მძევლების. ეს არ უნდა დავუშვათ. ჩემი მიზანი ჩემი პირადი თავისუფლება არ არის; ჩემი მიზანია თავისუფლება ქართველი ხალხისთვის. როგორც იცით, ოპოზიციამ მოახერხა ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანება, რაც, მჯერა, დამატებით ბიძგს მისცემს საქართველოს საკითხს.
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან ბოლო დროს დაწესებულმა სანქციებმა აჩვენა, თუ რამდენად ეფექტურია ეს ზომები. სანამ ქართველი ხალხი მტკიცედ იბრძვის, მტკიცედ ვიბრძვით ჩვენც, პოლიტიკური პატიმრები, და თქვენი, ჩვენი მეგობრების, მტკიცე მხარდაჭერა ამ ბრძოლაში მაძლევს რწმენას, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ! კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას!” – ნათქვამია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?

ვოპკე ჰოეკსტრა: ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ხელმისაწვდომი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, არც 2030 წლამდე, როგორც თქვენი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ და არც საერთოდ, თუ ეს კურსი გაგრძელდება…