“მზად ვარ, პირადი თავდები ვიყო იმის, რომ ეს ახალგაზრდები გამოძიებას არ დაემალებიან” – ანა ნაცვლიშვილი 19 და 23 წლის დაკავებულებს თავდებში უდგება

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ 2 მოქალაქეს, 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს გათავისუფლებისთვის თავდებში უდგება. შესაბამის დოკუმენტს ხელი ნაცვლიშვილმა პარლამენტში, ამ თემაზე გამართული ბრიფინგის დროს მოაწერა.
“მინდა, გამოვეხმაურო უპრეცედენტო უსამართლობის საქმეს, რომელსაც ქართული ოცნების სასამართლო აწარმოებს საქართველოს იმ 2 მოქალაქის წინააღმდეგ, ვინც ათასობით სხვა თანამოქალაქესთან ერთად, რუსული კანონისა და ხელისუფლების რუსული პოლიტიკისგან საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა. მთავრობა ამ ადამიანებს უპირებს, რომ როგორც პროკურატურა ამბობს, (ჯერ დამტკიცებული არ არის) 400-ლარიანი დროებითი, რკინის კონსტრუქციის დაზიანების გამო, მრავალი წლით ციხეში გაუშვას. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ მაშინ, როცა ამ ახალგაზრდებისთვის ბრალი არც კი დაუმტკიცებიათ, რამდენიმე თვეა, ისინი საპატიმრო დაწესებულებაში არიან. დღეს, მე, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ვაცხადებ, რომ მზად ვარ, პირადი თავდები ვიყო იმის, რომ ეს ახალგაზრდები გამოძიებას არ დაემალებიან, სასამართლოსთან ითანამშრომლებენ, მაგრამ ისინი ხელისუფლების მიერ საპატიმროში გამომწყვდეულები ნუ არიან. სასამართლო სხდომები უნდა გაგრძელდეს და სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, მაგრამ იქამდე, სანამ ამ ადამიანებთან დაკავშირებით განაჩენი არ გამოუტანიათ, მათი ციხეში ყოფნა დაუსაბუთებელია. მზად ვარ, ამ ადამიანების გათავისუფლებას პირადად თავდებში ჩავუდგე”. – თქვა ნაცვლიშვილმა.
გუშინ. 24 ივლისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული 2 მოქალაქე, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია გუდაძემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
14 მაისის აქციაზე პოლიციის ჯებირის დაზიანებისთვის, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ომარ ოკრიბელაშვილი და 2001 წელს დაბადებული საბა მეფარიშვილი 16 მაისს დააკავეს.