ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა გამოაცხადა, რომ იგი მზადაა, ბრიტანელი სამხედროები უკრაინაში გაგზავნოს, რათა ნებისმიერი სახის სამშვიდობო შეთანხმება აღსრულებული იყოს.
“გაერთიანებული სამეფო მზად არის, მოწინავე როლი შეასრულოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარების მხრივ. ეს მოიცავს სამომავლო დახმარებას უკრაინის ჯარისთვის – რისთვისაც გაერთიანებულმა სამეფომ უკვე აიღო წელიწადში £3-მილიარდიანი ვალდებულება, სულ მცირე, 2030 წლამდე. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ვიყოთ მზად და გაგვაჩნდეს ნება, წვლილი შევიტანოთ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებში საჭიროების შემთხვევაში ადგილზე საკუთარი სამხედროების გაგზავნის მხრივ. ამას ჰაერზე არ ვამბობ. ძალიან ღრმად განვიცდი პასუხისმგებლობას, რომელიც თან ახლავს პოტენციურად ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების საფრთხის წინაშე დაყენებას. მაგრამ ნებისმიერი როლი იმაში, რომ დავეხმაროთ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიის მხრივ, ნიშნავს ხელშეწყობას, რომ გარანტირებული იყოს ჩვენი კონტინენტისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ამ ომის დასასრული, როცა ეს დადგება, არ შეიძლება იყოს უბრალოდ დროებითი პაუზა, სანამ პუტინი ხელახლა გადაწყვეტს თავდასხმას”. – წერს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.
Telegraph-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მან ღიად განაცხადა, რომ უკრაინაში ბრიტანელი სამშვიდობოების გაგზავნას განიხილავს, ხოლო მისი მხრიდან ეს ნაბიჯი წინ უსწრებს 17 თებერვალს ევროპელ ლიდერებს შორის დაგეგმილ შეხვედრას პარიზში.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პარიზში გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, ნიდერლანდებიდან და დანიიდან კოლეგებს უმასპინძლებს, რათა საპასუხო ნაბიჯები შეიმუშაონ. შეხვედრაზე ასევე იქნება NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტეც.
პარალელურად, ამავე დღეს რუსეთისა და აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საუდის არაბეთში შეხვდებიან, რათა სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყონ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საუდის არაბეთის შეხვედრაში არ მონაწილეობს უკრაინული მხარე.
ცნობისთვის,16 თებერვალს გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ ევროპული ქვეყნების მთავრობებს კითხვარი გაუგზავნა იმის შესახებ, თუ რა სჭირდებათ აშშ-სგან, რათა უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით იყოს უზრუნველყოფილი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ვაშინგტონმა “მკაფიოდ განაცხადა, რომ ევროპელი პარტნიორებისგან მდგრადი უსაფრთხოების ჩარჩოს შექმნასა და ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან წინადადებების წარდგენას მოველით”.
