საპატიმროში შიმშილობს 16 აგვისტოს პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, თორნიკე თოშხუა. ინფორმაცია და საპატიმროდან გამოგზავნილი მისი წერილი მისმა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ გაავრცელა.
„თორნიკე თვლის, რომ ის და მინდია შერვაშიძე უკანონო პატიმრები არიან.
აცხადებს პროტესტს და სამწუხაროდ, პროტესტის უკიდურესი ფორმა – შიმშილობა აირჩია. მას დაკავებიდან არ მიუღია საკვები. ამ ინფორმაციის საჯარო გაჟღერებისგან თავს ვიკავებდით კვირაზე მეტია. ოჯახთან ერთად ვცდილობდით მის გადარწმუნებას“, – აცხადებს ადვოკატი ომარ ფურცელაძე.
მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა პატიმრის წერილიც, რომელშიც თორნიკე თოშხუა იხსენებს მისი დაკავების დღეს:
„როდესაც დასაკავებლად მოვიდნენ, დავრწმუნდი, რომ სისტემა აპირებდა პრევენციულად დაეცვა თავისი „ვირთხა“, სხვა მსგავსი „ვირთხებისთვის“ იმუნიტეტის მოსაპოვებლად. პასუხად ჩემი თავდაცვითი იმუნიტეტი იყო შიმშილობის დაწყება და პროტესტის ამ ფროით დაკვირვება მოვლენების შემდგომი განვითარებისთვის. მე-12 დღე ვშიმშილობ. მხოლოდ წყალს ვიღებ“.
აქტივისტების განცხადებით, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს პარლამენტის წინ, პროვოკაციის მსხვერპლები არიან.
თვითმხილველების თანახმად, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, რომელიც, აქტივისტების თქმით, პირადი მიმოწერის დროს ემუქრებოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეების თქმით, დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს. პოლიციამ გოცირიძე ტერიტორიას განარიდა.
რუსთაველზე 1 აგვისტოს მომხდარი ინციდენტიდან მალევე ბექა გოცირიძემ „ტიკ-ტოკზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჰყვებოდა, რომ ჩხუბში მოყვა და რომ პროევროპული აქიცის მონაწილეებმა „მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს“. მას შემდეგ გოცირიძემ კიდევ არაერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აქციების მონაწილეებს და მათ თანამოაზრეებს აგინებს და ამბობს „ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს“.
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს. ჯგუფურად ძალადობის ბრალდება ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ორივე დაკავებულს 18 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ფორუმი




