მე-11 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას დღეს გამართავს
სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას პარლამენტის უხუცესი წევრი ლადო კახაძე გახსნის.
ახალარჩეული პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში პირველი საკითხი პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხია. სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე-სპიკერებს, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებს.
ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა. 150-კაციან პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს. დანარჩენი ადგილები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის გადანაწილდა. თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.