განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, მე-12 კლასის ნებაყოფლობითად გამოცხადების შემდეგ, მე-11 და მე-12 კლასის ატესტატებს შორის განსხვავება არ იქნება.
როგორც მან პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე პარტია “საქართველოსთვის” წევრების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მთავარი სასწავლო კომპონენტები პირველიდან მეათე კლასამდე გადანაწილდება, მე-11 და, სურვილის შემთხვევაში, მე-12 კლასებში კი მოსწავლე თავისი სურვილით აირჩევს საგნებს.
„მე-11 და მე-12 კლასის ატესტატებთან დაკავშირებით, გვინდა განმარტება გავაკეთოთ, რომ მთავარი სასწავლო კომპონენტები 1-დან 10 კლასის ჩავთვლით იქნება დასრულებული, მე-11 კლასი მთლიანად დაეხმარებათ მომავალ სტუდენტებს რეპეტიტორიუმის ნაწილში, ხოლო მე-12 კლასი, მოგეხსენებათ, დავტოვეთ ნებაყოფლობითი, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სურვილის შემთხვევაში, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდა ევროკავშირის ან სხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც აუცილებელია 12-კლასიანი ატესტატის ქონა, მხოლოდ მათთვის გავრცელდება ეს ნაწილი.
ატესტატებს შორის განსხვავება არ და ვერ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სასწავლო კომპონენტები უნდა დასრულდეს 10-წლიან შუალედში, ხოლო მე-11 კლასი იქნება დათმობილი დაახლოებით 15 საგნისთვის, საიდანაც ამოარჩევს მოსწავლე იმ საგნებს, რომლების ჩაბარებაც უმაღლეს გამოცდებში სურს. ანალოგიური საშუალება მას ექნება მე-12 კლასშიც. ასევე შეეძლება, დაიმატოს სხვა ტიპის საგნებიც სურვილის შემთხვევაში“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.




