დღეს, 28 ოქტომბერს, დადიანის ქუჩაზე მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი ღირსეულ პირობებში სასკოლო განათლების მიღების შესაძლებლობას ითხოვენ.
მე-10 სკოლა რამდენიმე წლის წინ დაინგრა და ახალი შენობა დღემდე არ აუშენებიათ. ამ ხნის განმავლობაში, მე-10 სკოლის მოსწავლეები, დროებით, სხვადასხვა სკოლის შენობაში სწავლობდნენ, ზოგჯერ კი – დისტანციურად.
“როდესაც ჩვენი სკოლა დაინგრა, მაშინ იყო სამინისტროდან წარმომადგენელი მოსული და შეგვპირდნენ, რომ სანამ ჩვენი სკოლის მშენებლობა არ დასრულდებოდა, ამ შენობაში [22-ე სკოლის შენობა] ვიქნებოდით და აღარსად აღარ გადაგვიყვანდნენ. იმიტომ, რომ მანამდე სხვა სკოლებშიც ვიყავით და ბევრჯერ გადაგვიყვანეს და გადმოგვიყვანეს სხვადასხვა სკოლებში. რამდენიმე კვირის წინ აღმოჩნდა, რომ 22-ე სკოლაც არის ავარიული. სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მე-10 სკოლა გამოეშვათ იმ შენობიდან – ჩვენ ვყოფილვართ სტუმრის სტატუსით ამ შენობაში. არადა, ამ შენობაში სანამ გადავიდოდით, გასარემონტებელი იყო. სამინისტრომ ჩვენი სკოლისთვის გარემონტა და ჩვენ გადაგვიყვანა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ სტუმრის სტატუსით ვიყავით და პირდაპირ მე-10 სკოლას დაადეს ხელი, რომ გამოვეყვანეთ. სამინისტრომ შემოგვთავაზე პირველადი ვერსია, რომ 190-ე სკოლაში გადავსულიყავით. ისიც მხოლოდ ნახევარ სკოლა – მაღალი კლასები, მე-2 ცვლაში. მოგეხსენებათ, მაღალ კლასში ზოგი აბიტურიენტია, ზოგი დადის წრეებზე, სპორტზე და სექტემბრიდან ეს ყველაფერი [განრიგი] უკვე აწყობილი ჰქონდათ და მერე ცვლაში რომ გადავიდოდნენ, იმ საათებში უნდა ესწავლათ, რა საათებშიც აბიტურიენტებს ამ მასწავლებლები ჰყავთ, ან წრეები ჰქონდათ, ან სპორტი ჰქონდათ და გამიწვია ამან დიდი კმაყოფილება”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას მშობელი თამილა გოძიშვილი.
მოსწავლეებისა და მშობლების მოთხოვნაა, სკოლის აშენებამდე, სამინისტრომ უზრუნველყოს ალტერნატიული ფართით, სადაც შეძლებენ განათლების მიღებას. ისინი არ არიან თანახმა დისტანციურ სწავლებაზე – ამბობენ, რომ წარსულმა გამოცდილებებმა აჩვენა დისტანციური სწავლების არაეფექტიანობა; მშობლების ნაწილს არ მოსწონს სკოლის გაყოფის იდეა – დაბალი და მაღალი კლასების სხვადასხვა სკოლის შენობებში გადანაწილება. ამას ისინი იმით ხსნიან, რომ როცა ერთ ოჯახში ორი ან მეტი მოსწავლეა, მათი სხვადასხვა სკოლაში სიარულის უზრუნველყოფა მშობლებს გაუჭირდებათ.
მშობლებისთვის მიუღებელია მათი შვილებისთვის მეორე, ან ზოგ შემთხვევაში მესამე სმენების შეთავაზება. ისინი აცხადებენ, რომ სამინისტროს დროულად უნდა განესაზღვრა რომელი კლასები რომელ სმენაში ისწავლიდნენ. რადგან მოსწავლეთა ნაწილი სკოლის მიღმა აქტივობებითაცაა დაკავებული – ზოგი მათგანი აბიტურიენტია და რეპეტიტორებთან ემზადება, ზოგი დადის სახელოვნებო წრეზე, ზოგი სპორტზე და ა.შ. ამ ყველაფრის განრიგი მათ უკვე შედგენილი აქვთ, ძირითადად – დღის მეორე ნახევარში, მოულოდნელად სკოლის მეორე, ან მესამე სმენაში გადატანა კი მათ გრაფიკს შეცვლის და მოსწავლეთა ნაწილს მოუწოდებს უარი თქვას სხვა სახის საგანმანათლებლო, სპორტულ თუ სახელოვნებო წრეებზე.




