ევროპა ძლიერია და უკრაინის გარშემოა გაერთიანებული, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„მე ძლიერ ევროპას ვხედავ, რომელიც უკრაინისა და დიდი ხნის განმავლობაში არსებული ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების გარშემოა გაერთიანებული. მე ამ თავისუფლებებს ყოველთვის დავიცავ“, – განაცხადა სტარმერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში აღნიშნულია აშშ-ის სურვილი, რომ ევროპამ ცივილიზაციური თავდაჯერებულობა დაიბრუნოს.
„თავდაჯერებულობის ეს ნაკლებობა ყველაზე თვალსაჩინოა ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობაში. ევროპელი მოკავშირეები თითქმის ყველა ასპექტით, ბირთვული იარაღის გარდა, რუსეთთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ. უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად, ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობები ამჟამად ღრმად არის შესუსტებული და ბევრი ევროპელი რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების მართვა აშშ-ს მნიშვნელოვან დიპლომატიურ ჩართულობას მოითხოვს, როგორც ევრაზიის ტერიტორიაზე სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად, ასევე რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის რისკის შესამცირებლად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.




