„ჩემს შვილს ვეუბნები ხოლმე: მე ვარ შენთვის ცოცხალი მაგალითი, როგორ არ უნდა გააკეთო რაღაცები. ცუდია, რომ ვასწავლი, ზედმეტად არ ენდოს ადამიანებს, ყველას არ უნდა გაუღიმოს, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან მინდა, იცოდეს, რომ ნაკლებად ეტკინოს. იმედია, გამოადგება ჩემი რჩევა და მე ყოველთვის ვიზრუნებ იმაზე, რომ იყოს ბედნიერი. მე საკუთარ თავს ვიდანაშაულებ, მაგრამ სამი ოჯახი დამენგრა და არც ერთ შემთხვევაში მე არ ვყოფილვარ გაშორების მიზეზი. ალბათ, არასწორად ვირჩევდი მეორე ნახევრებს და ესეც ჩემი ბრალია, არ შეიძლება ადამიანის ზედმეტად ნდობა.
პირველ მეუღლესთან ერთი წელი ვიყავი, მეორესთან – ორი, მაგრამ როცა 15 წელი ადამიანთან ცხოვრობ, გყავს შვილები, ზრდი მათ, გაქვს ყოფითი პრობლემები და საკითხები, რასაც ორივე ინაწილებთ… იმდენად ეჩვევი ადამიანს, აღარ ფიქრობ სხვა რაღაცებზე…
ბოლო პერიოდში მქონდა ეჭვები, მაგრამ ვაიგნორებდი, თუმცა მშვიდად არ ვიყავი. ზოგადად, ყველა ქალის ცხოვრებაშია ეჭვის მომენტები, მაგრამ ძალით რომ გაგაგებინებენ, ეს სხვა საკითხია. გულსატკენია და შეურაცხმყოფელი, როცა ქალი ღალატის მსხვერპლი ხდები. თან, მაშინ, როცა მთელი საქართველო იგებს ამის შესახებ და არ წყდება საუბრები. იმ მომენტში გინდა, კარი გამოიკეტო და დარჩე საკუთარ თავთან მარტო. დღემდე არ ჩერდება სოციალური ქსელი…”
“პირველი მეუღლე იყო სანდრო ნიკოლაიშვილი, რომელიც მართლა ძალიან მიყვარდა. ცხრამეტი წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. გამიჩნდა საყვარელი შვილი მაშიკო. სამწუხაროდ, მალევე დავშორდი. ალბათ, ჩვენს დაშორებაში ყველაზე დიდი დამნაშავე ჩვენი ასაკი იყო. ახლა რომ მახსენდება მაშინდელი ჩემი ოჯახის პრობლემები, მეცინება. მართლა არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ მაშინ ვერც ერთი ვერ გავუმკლავდით შექმნილ სიტუაციას.
როცა ოჯახი შევქმენით, სანდრო უმუშევარი იყო. სწავლის გაგრძელებას აპირებდა. ერთმანეთს მშვიდად ვუთხარით, არ გამოგვდის ერთად ცხოვრებაო… მაშიკო ერთი წლის იყო, როდესაც მეუღლეს დავშორდი. სანდრო კარგი მამაა მაშოსთვის”, – იხსენებდა სალომე გოგიაშვილი პირველი მეუღლის შესახებ.
სალომე გოგიაშვილმა მეორედ ვასო თედორაშვილზე იქორწინა, რომელთანაც ერთი შვილი შეეძინა:
“სანდროსთან დაშორებიდან ხუთი წლის შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ცოლად გავყევი და რომელმაც აბსოლუტურად თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება. როცა ერთხელ დაგენგრევა ოჯახი, მეორედ ოჯახის შექმნა ძალიან რთულია. ის ბიჭი იყო ვასიკო თედორაშვილი. მასთან მყავს შვილი დათუნა. შვილს მამაჩემის სახელი დავარქვი, რომელსაც მოგვიანებით ციბუკა შევარქვი და მგონია, რომ ბოლომდე ეს სახელი შერჩება”, – ამბობდა სალომე.
სალომე გოგიაშვილის მესამე ქორწინება ბიზნესმენ ვახო ნიკოლაიშვილს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ სალომეს პირველ და მესამე მეუღლეებს ერთი გვარი აქვთ, მათ ნათესაობა არ აკავშირებთ.
“მორე ქმარმა მომატყუა და გაიქცა. მაშინ ციბუკა რვა თვის იყო. სულ მეშინოდა, რადგან ციბუკას გვერდით მამა არ ჰყავდა, მამაკაცთან ურთიერთობის დანაკლისი ექნებოდა. ჩემდა საბედნიეროდ, კიდევ ერთხელ შევქმენი ოჯახი. ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემი ბოლო ქორწინებაა. ალბათ, ასაკმაც თავისი ქნა და ზუსტად ვიცი, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ვახო ის ადამიანია, რომელსაც ყველანაირი კუთხით დაეყრდნობი. ის ძალიან განათლებულია”, – ამბობდა სალომე გოგიაშვილი.
მესამე მეუღლესთან დაშორებისა და სკანდალური განქორწინების შემდეგ, სალომე გოგიაშვილმა საქართველოდან წასვლა და ცხოვრებაში სიახლეების შეტანა გადაწყვიტა. ამის შესახებ ის ჟურნალ “თბილისელებთან” საუბრობს:
“ახალ წელს ახალი იმედებით ვხვდები… ვცდილობ, ჩემს შვილებს სიტუაცია „გავულაითო“ და ისე გავაგებინო, რომ ჩვენ კი დავშორდით, მაგრამ კარგი მეგობრები ვიქნებით და ბავშვები ურთიერთობაზე ვერ ამჩნევენ, რომ ჩვენ ასე სკანდალურად დავიშალეთ. ახლა რაზეც ვმუშაობ და ვფიქრობ, არის ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ძალიან ცუდად იმოქმედა მათზე ამ ამბებმა. მათ რომ ვუყურებდი, შოკირებული ვიყავი და რადგან ეს გადავლახეთ და სიმშვიდისკენ მივდივართ, აღარაფერს დავეძებ, ოღონდ ესენი იყვნენ კარგად.
გადავწყვიტე, ცოტა ხანს დავისვენო. დავისახე გეგმები, რომლებსაც ვახორციელებ და ახლა გავიცანი საკუთარი თავი. აქამდე ყოველთვის, მთელი ჩემი ცხოვრება, სულ სხვებისთვის ვცხოვრობდი და მინდა, ახლა ჩემი თავისთვისაც მოვიცალო. არასდროს მქონდა დრო, დავმჯდარიყავი და მეფიქრა: მე რა მინდა, რა მესიამოვნება, რა მაყენებს დისკომფორტში… ვზივარ, ვმუშაობ ახალ გეგმებსა და საკუთარი ოცნებების განხორციელებაზე. უცხოეთში შვილებთან ერთად ვცხოვრობ ახლა და თუ ვინმეს აინტერესებს, რომელ ქვეყანაში ვარ, შეუძლია, ჩემი სოციალური ქსელები იხილოს და ადვილად მიხვდება.
ძალიან მაგარია, რომ ოთხი შვილი გავაჩინე და ჩემს თავს მათი სიყვარული ვაჩუქე. სამი დანგრეული ოჯახი, ოთხი შვილის დედობად ღირდა და საერთოდ არ არის საჭირო ქმარი, რომ ქალი იყოს გახარებული და ბედნიერი…”




