“მე მიყვარს ქვეყანა, სადაც მდიდრდება ბიზნესმენი და არა ჩინოვნიკი“ – კახა შარაბიძე

„ბიზნესს ადაპტირების უნარი აქვს და ალბათ დაელოდება ვითარების გამოსწორებას; თუ არ გამოსწორდება, ეცდება იმ გარემოსთან ადაპტირებას, რომელიც იქნება“ – ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველმა პარტნიორმა კახა შარაბიძემ წამყვანის კითხვას, რომელიც საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე „რუსული კანონის“ გავლენას შეეხებოდა.
– ბიზნესი ყოველთვის ეძებს ადაპტირების გზებს – ამისთვის, გნებავთ გავამართლოთ, გნებავთ გავამტყუნოთ, მაგრამ ასეა ყოველთვის. მჯერა, ქართული ბიზნესი მიეჩვია თავისუფლებას, უნდა თავისუფლება, უნდა უკეთესი გარემო, ვიდრე ახლაა. იმედი მაქვს, ბიზნესი მოითმენს და მას საშუალება ექნება, უკეთეს გარემოში გააგრძელოს საქმიანობა. ეს კი იქნება დამოკიდებული იმაზე, წელს, შემოდგომაზე როგორი პოლიტიკური კლიმატი იქნება ქვეყანაში. მე მიყვარს ქვეყანა, სადაც მდიდრდება ბიზნესმენი და არა ჩინოვნიკი და მინდა, ვისურვო, საქართველოში მდიდრდებოდეს ბიზნესმენი და არა ჩინოვნიკი.
– დღეს ვინ უფრო მეტად მდიდრდება?
– ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ…
აღსანიშნავია, რომ BLB ერთ-ერთი პირველი იურიდიული კომპანია იყო, რომელიც ე.წ. „რუსულ კანონს“ პარლამენტის მიერ მის დამტკიცებამდეც აკრიტიკებდა. “დღეს ყველაზე დიდი პროფესიონალიზმი მტკიცე სამოქალაქო პოზიციაა! ე.წ. “გამჭვირვალობის შესახებ კანონი” საკანონმდებლო მანიპულაციაა, რაც გვართმევს შანსს ვიცხოვროთ სამართლებრივ, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში. მხოლოდ ევროპისკენ გზაა ჩვენი არჩევანი! მხოლოდ ევროპისკენ გზაა ჩვენი არჩევანი! #არარუსულკანონს“, – ეწერა BLB-ის Facebook-გვერდზე.
კახა შარაბიძე დღესაც აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომ {რუსული კანონი} აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას, კანონის შინაარსში ჩაღრმავებაც ზედმეტია.
რატომ ექცევა ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას ასე? – წამყვანის ამ კითხვაზე პასუხმა იურისტმა თქვა, რომ ერთი რამ ფაქტია: „ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი განცხადებებით და არაორაზროვანი ტექსტებით ვიცით, რომ ეს კანონი აბრკოლებს და აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას… ამ სიტუაციას ვადარებ ღამის კლუბში შესვლას, სადაც გეუბნებიან, რომ სპორტული ფეხსაცმლით ვერ შეხვალ, მაგრამ შენ უმტკიცებ, რომ „შევალ, ეს თქვენ წესებში წერია“ და ისინი გეუბნებიან – „არ არის ასე. წესი ჩვენ დავწერეთ“. დაახლოებით, ასე ჟღერს ეს ყველაფერი. ევროკავშირი არის დახურული კლუბი, რომელსაც აქვს თავისი წესები. მათ გვითხრეს, რომ ამ დოკუმენტით აქ ვერ შემოხვალთ და ამის საწინააღმდეგო მცდელობა ფუჭია; ამას გვაჩვენებს შედეგები“.

ასევე დაგაინტერესებთ