მე თვითონ ვითხოვ თანამდებობიდან გათავისუფლებას – კადიროვი

ჩეჩნეთის მმართველმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
ამის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო „ჩეჩნეთი დღეს“.
ჟურნალისტებთან საუბრისას კადიროვმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ხმებზე, რომ შესაძლოა მალე გადადგეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესდა, რამაც ჩეჩნეთში ხელისუფლების შეცვლის სცენარი გაააქტიურა.
„მე თვითონ ვითხოვ თანამდებობიდან გათავისუფლებას. […] იმედი მაქვს, რომ ჩემს მოთხოვნას მხარს დაუჭერენ“, – განაცხადა კადიროვმა.
თუმცა კადიროვმა არ დააკონკრეტა, კონკრეტულად ვის მიმართა ამ თხოვნით.
კადიროვმა ასევე განიხილა, ვინ შეიძლება იყოს მისი მემკვიდრე და იმედი გამოთქვა, რომ ჩეჩნეთის შემდეგ ხელმძღვანელს საკუთარი ხედვა ექნება და რეგიონის განვითარებისთვის ახალ ინიციატივებს შესთავაზებს.
რუსული მედია წერს, რომ ახლა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში კადიროვის შვილებისა და მისდამი ერთგული ყველაზე გავლენიანი კლანების გაძლიერება მიმდინარეობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კადიროვს მემკვიდრედ თავისი შვილი, ადამ კადიროვი სურს, რომელსაც ჩეჩნეთში „რამზანის ახალგაზრდა ასლს“ უწოდებენ. ადამ კადიროვი ყურადღების ცენტრში 15 წლის ასაკში მოექცა, როდესაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ყურანის დაწვაში ბრალდებულ პატიმარს სასტიკად სცემს.
აპრილში რამზან კადიროვის არასრულწლოვანმა შვილმა, 17 წლის ადამ კადიროვმა, ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა დაიკავა. ადრე ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივანი რამზან კადიროვის ძმისშვილი, ხამზათ კადიროვი იყო. მანამდე, ადამ კადიროვი რეგიონული შინაგან საქმეთა სამინისტროს კურატორად დაინიშნა.
კადიროვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის პოსტი 2007 წლიდან უკავია და უფლებამოსილების ვადა 2026 წელს ეწურება.
2023 წლის ივლისში კადიროვი აცხადებდა, რომ აპირებდა შემდეგი ვადით კენჭისყრას.